„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ გამგეობის მორიგი სხდომა გაიმართა
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში“ გამგეობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპეციფიკური ნარჩენების მართვას.
“მონაწილეებმა იმსჯელეს შეგროვებისა და გადამუშავების მიმდინარე პროცესებზე და შეაფასეს არსებული პრაქტიკა.
აგრეთვე, განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად დასახელდა წარმოების მხარდაჭერა. ასოციაციის წევრებმა იმსჯელეს ორგანიზაციის როლის გაძლიერებაზე ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნასა და განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზეც. აღინიშნა, რომ დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას ისახავს მიზნად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს სექტორის განვითარებას და მდგრადი გარემოს შექმნას.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ წარმოადგენს კერძო სექტორის წარმომადგენელთა გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და გარემოსდაცვითი პრაქტიკების დანერგვას.
“ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, აგრეთვე – საერთაშორისო პარტნიორებთან, და მონაწილეობს სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაში, გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.