„500 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან, ოღონდ პატრიარქს აგინონ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯარიმების გაზრდას და აღნიშნული ქმედების სამართლებრივად დასჯასაც მოითხოვს. ამის შესახებ კოპალიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე დიდი შეტევაა და ის ჯარიმები, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, საკმარისი არ არის.
„დიდი შეტევაა ჩვენს პატრიარქზე, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. შეიძლება ითქვას, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაუცველი, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მცირეა ეს ჯარიმები. ათეისტური შეხედულების პიროვნებები გამოხატავენ თავიანთ აზრს, ესენი არ არიან საშიშები, ესენი არიან ერთეულები და ძალიან დელიკატურად ამბობენ ამას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ჩვენს მართლმადიდებლობას, თუნდაც სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს, ესენი არიან ორგანიზაციები, ძალიან მოწესრიგებული, თავიანთი გეგმით და შეხედულებით. მიმაჩნია, რომ ეს ორგანიზაციები ამ 500 და 1000 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან, ოღონდ ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას აგინონ და რაც შეიძლება მეტი ბოღმა ანთხიონ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ ვთვლი, რომ ამ ჯარიმებს, რაც აქ წერია, თითო ნული უნდა მიემატოს აუცილებლად. მიმაჩნია, ეს უნდა გამკაცრდეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნაწილში“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
კანონპროექტის თანახმად, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა 600 ლარამდე გაიზრდება.
ასევე, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთვევაში კი, ჯარიმა 1000 ლარი იქნება.
კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები