გიორგი მარგველაშვილი: მედიის სამარცხვინოდ, ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს

„მე არა ვარ პლუტარქე, რომ შედარებითი ბიოგრაფიები ვწერო, ან ერთი პრემიერის ან მეორის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან თვისობრივი ურთიერთობების შედარებასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია „tv პირველის“ პირდაპირ ეთერში გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ განაცხადა, იგი ხედავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს.
„მე ვხედავ ბატონი კვირიკაშვილის მიერ გადადგმულ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, რომელიც მიმართული არის იქეთ, რომ ჩვენ უფრო დავასტაბილუროთ პოლიტიკური ვითარება, ვისაუბროთ არა იმის თაობაზე, მოვიდა თუ არ მოვიდა კონკრეტული პირი ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრაზე, როგორიც არის უშიშროების საბჭო, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რა გააკეთა უშიშროების საბჭომ.
ვისაუბროთ არა იმაზე, რომელმა პოლიტიკოსმა ენამოსწრებულად რა ილაპარაკა, რის უკანაც შეურაცხყოფის გარდა არაფერი არ დგას, არამედ ვისაუბროთ, რანაირად მოახერხეს პოლიტიკოსებმა ქვეყნისთვის უკეთესად მუშაობა.
პარლამენტში ჩემს გამოსვლაში მთავარი ნიუსი თუ არ იქნება ის, ვინ მოვიდა და ვინ რატომ არ მოვიდა, ჩემთვის რთული იქნება ყველაფერი. თუ მე მეცოდინება, რომ მედია მაინც ყურადღებას გაამახვილებს იმაზე ვინ მოვიდა და ვინ არ მოვიდა, ყველაფერი იოლი იქნება ჩემთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ნებით არ ესწრებოდა მის გამოსვლებს თუ ბიძინა ივანიშვილის, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არ იცის და არც აპირებს ჩაღრმავებას.
„ჩემი პოზიცია არ შეცვლილა იოტის ოდენადაც კი. როგორც აქამდე ვფიქრობდი, რომ კონსტიტუციურმა ინსტიტუტებმა უნდა ითანამშრომლონ, გამოხატონ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, არა იმიტომ, რომ კონკრეტულ პიროვნებას სცემ პატივს, არამედ იმიტომ, რომ შენ პატივს სცემ შენს პოლიტიკურ თანამდებობას და იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ადამიანს მისცეს ხმა. მოწადინებული ვარ, ვითანამშრომლო, როგორც ბატონ გიორგისთან, ასევე მთავრობის ნებისემირ წევრთან“, – განმარტა მარგველაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მედიის სამარცხვინოდ, პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვს.
„მედიის სამარცხვინოდ, ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრთან მაქვს სატელეფონო კომუნიკაცია და მედიამ ვერ მოახერხა ამ ყველაფრის გაშუქება“, – გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები