იან კელი: აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია
აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საკითხზე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.
“ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა”, – აცხადებს საქართველოში აშშ-ს ელჩი.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.