საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში განსახორციელებელი წესი დაამტკიცეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებში განსახორციელებელი წესი გააცნო.
აღნიშნული ცვლილება თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – ,,ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ” განხორციელების პირობებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.
კერძოდ, აღნიშნულ პროგრამაში 2015 წლის ბიუჯეტით თითოეულ პაციენტზე დაფინანსების მაქიმალური თანხა 200 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ამჟამად, ეს თანხა 265 000 ლარით განისაზღვრა.
ცვლილება შეეხო ასევე ტრანსპლანტაციურ პერიოდს, რომელიც 2015 წელს, მაქსიმუმ, 30 დღეს წარმოადგენდა, 2016 წლის ბიუჯეტით კი, მთლიანად მოიხსნა აღნიშნული პერიოდი.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, საგულისხმოა წესში შესული ის ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც, ექსპერტების რეკომენდაციისა და ავადმყოფების მომართვიანობის საფუძველზე ბენეფიციართა ასაკი 30 წლიდან 40 წლამდე გაიზარდა.
როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლნიშვილმა აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესს კიდევ ერთი ქვეპუნქტი დაემატა, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეული მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესს გულისხმობს და მისი განხორციელების პირობებსა და პროცედურებს განსაზღვრავს. კერძოდ, ქვეპროგრამით მოსარგებლეები ისინი არიან, ვისაც პირველადი ლოკალიზაციის HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს დიაგნოზი აქვთ და ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდგომი ტარგეტული თერაპია ესაჭიროებათ.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მატერიალიზებული ვაუჩერით ხორციელდება და ბენეფიციარებს მკურნალობის 1-წლიანი კურსი უფინანსდებათ. სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს აღემატება, მედიკამენტის ღირებულება 100%-ით, ხოლო სხვა დანარჩენს კი 80% -ით უფინანსდება.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პროგრამა უპრეცედენტოა და უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა.
„წარმოდგენილი ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია და მისი მიზანი ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და აღნიშნული დაავადების მქონე პირთათვის პრეპარატი ჰერცეპტინით მკურნალობის კურსის დაფინანსებაა“,-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
დღესვე, სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების საკითხში შესული ტექნიკური ცვლილების, თბილისის ზოგიერთი უსახელო ქუჩის სახელდებისა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგეობების საშტატო ნუსხისა და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების საკითხებიც განიხილეს. საკრებულოს სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები