მიხეილ ჯანელიძე: ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც.
“მე ვარ ნდობით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც”, – განაცხადა ჯანელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს.
როგორც ქანთარიამ ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს. ქანთარიას მიერ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას მისვე თანაგუნდელების მხრიდან დღეს კრიტიკა მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ქანთარიას განცხადება “არასწორ გამონათქვამად” შეაფასა.
“ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ“, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ქანთარიას განცხადებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები