თეა წულუკიანი: პრემიერის „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანება პარტიას უდავოდ გააძლიერებს
თუკი პრემიერ-მინისტრი გაწევრიანდება პარტია “ქართულ ოცნებაში”, ეს პარტიას უდავოდ გააძლიერებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” სჭირდება გიორგი კვირიკაშვილისნაირი პროფესიონალი, გაწონასწორებული ფიგურა.
“თუკი პრემიერ-მინისტრი გაწევრიანდება პარტია “ქართულ ოცნებაში”, ეს პარტიას უდავოდ გააძლიერებს. მე, მინისტრი, რომელსაც არცერთი პარტიის წევრობა არ აქვს, ვთვლი, რომ ამ პარტიას გაძლიერება სჭირდება. ამ პარტიას ნამდვილად სჭირდება ისეთი ფიგურები, როგორიცაა გიორგი კვირიკაშვილი.
თუ პრემიერ-მინისტრს არა მარტო წევრად მიიღებს “ქართული ოცნება”, არამედ კენჭს უყრის პარტიის თავმჯდომარედ, ეს იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება. თავმჯდომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ყრილობა, მაგრამ წევრის სტატუსითაც რომ გაწევრიანდეს პრემიერ-მინისტრი, თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი გააძლიერებდა იმ პარტიას, რომელსაც სჭირდება ასეთი ფიგურები – პროფესიონალი, გაწონასწორებული, რომელიც პარტიაში ახალ ხედვას და ახალ მიმართულებებს შეიტანდა”, – განაცხადა წულუკიანმა.
თავად მინისტრი კვლავ პარტიული კუთვნილების გარეშე აპირებს დარჩენას, თუმცა, მისი თქმით, იმ პრიორიტეტების და მიმართულებების ერთგული იქნება, რაც “ქართულ ოცნებას” გააჩნია.
წულუკიანის განცხადებით, ოქტომბრამდე თავის გამოცდილებას, იქნება ეს პარტიული თუ საარჩევნო, მოახმარს იმას, რომ “გამჭვირვალე, სანდო, კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდეს. წულუკიანის სურვილია, არჩევნებზე პროდასავლურმა ძალებმა იზეიმონ გამარჯვება და აჩვენონ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ურყევია. “მე პირადად რომელ პარტიას მივცემ ხმას, ალბათ, საიდუმლო არ არის”, – დასძინა თეა წულუკიანმა.