თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 27 იანვარს შეხვედრები გაიმართა ვაშინგტონის მუნიციპალიტეტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის უფროსთან კეი ანდერსონთან, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტებთან, ასევე ვაშინგტონის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორთან ერიკ შაუსთან და ამავე უწყების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.
შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელზეც ყურადღება ისეთ თემებზე გამახვილდა, როგორიცაა: ქალაქის კეთილმოწყობა, მწვანე სივრცეების დაგეგმარება და აშ.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი შენობების მშენებლობის რეგულაციებზე და ქალაქის სწორი დაგეგმარების, ასევე განვითარების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის თაობაზეც იმსჯელეს.
ვაშინგტონის მუნიციპალიტეტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის უფროსთან კეი ანდერსონთან გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა ისეთი მნიშველოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში არსებული პარკების მოვლა – პატრონობა და მართვა, მუნიციპალური სარეკრეაციო ზონების განვითარება და მათი ფუნქციონირება, ასევე კერძო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების მოჭრა და განაშენიანება.
ამავე დღეს შეხვედრა ვაშინგტონის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორთან, სეტ მილარ გაბრიელთან და ამავე უწყების საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელთან ჯონათან ბრადისთან გაიმართა.
შეხვედრაზე სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის რეგულაციებზე, მათ შორის მცირე მეწარმეების წახალისებასა და უმუშევრობის შემცირების საკითხებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დედაქალაქის ეკონომიკური ზრდის, ინვესტორების მოზიდვის, საბაზრო – ეკონომიკური ლიბერალიზაციის მხარდაჭერის საკითხებზეც. ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მათ შორის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც, მოწვეული სტუმრები ქართულ მხარეს ქალაქის ეკონომიკური განვითარების სფეროში კონსულტაციებს გაუწევენ.
დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ექვსი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დღეიდან კი შეხვედრები ატლანტასა და ნიუ-იორკში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები