გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის უპირობო მხარდაჭერას. სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის პროგრესის მამოძრავებელი ძალა და მთავრობა დიდად აფასებს თქვენს საქმიანობას და წვლილს ქვეყნის განვითარებაში,” – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას.
გიორგი კვირიკაშვილმა შეკრებილებს მთავრობის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უმთავრესი პრიორიტეტია.
„საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური მოთხოვნა. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო მხარდაჭერის, ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე, რათა წარმატებით დავასრულოთ ეს მნიშვნელოვანი პროცესი და საქართველოს მოქალაქეთათვის დაწესდეს უვიზო მიმოსვლა. ამას ჩვენ განვიხილავთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილად, რომლითაც დაიწყო ახალი ეპოქა საქართველოს განვითარებაში. თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი მიმოსვლა ურთიერთდაკავშირებულია და მნიშვნელოვანი საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა მათ განახორციელონ ვიზიტები ევროპაში და მოსინჯონ ახალი შესაძლებლობები ადგილობრივ ბაზრებზე”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ბაზრებზე შესაძლებლობების მოსინჯვა და სარგებლის მიღება. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში, 13 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 33 პროცენტს შეადგენს და ეს მაჩვენებელი იზრდება.
„წელს ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ნატოს ვარშავის სამიტს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატოსთან, რათა მივაღწიოთ ამ უმნიშვნელოვანეს ალიანსთან უფრო აქტიურ ინტეგრაციას, რაც ჯამში უნდა იქცეს საქართველოს უსაფრთხოების გარანტად. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმ მიზნების შესასრულებლად, რომლებიც გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ოთხ ძირითად მოკლევადიან პრიორიტეტზეც გაამახვილა ყურადღება -საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმები, ასევე მმართველობითი რეფორმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარებისა და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა.
„უპირველეს ყოვლისა, საუბარია საგადასახადო რეფორმაზე – გადავდივართ გადასახადების ადმინისტრირების ესტონურ მოდელზე. ჩვენ გავაუქმებთ მოგების გადასახადს. ვამზადებთ შესაბამის კანონპროექტს, რომელსაც მთავრობა განიხილავს უახლოეს მომავალში და ორიოდე თვეში, იმედია, გვექნება ახალი საგადასახადო კოდექსი, რომლის თანახმადაც დაიბეგრება მხოლოდ დივიდენდები. ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ხელს შევუწყობთ დამწყები ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა მათ, განსაკუთრებით კი ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებს, ჰქონდეთ ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ფინანსების მოპოვების შესაძლებლობა საბანკო სექტორთან შეხების გარეშე”, – განაცხადა პრემიერმა.
რეფორმების მეორე ბლოკი მიზნად ისახავს მმართველობის გაუმჯობესებას, რასაც მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც განახორციელებს მიღებული გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულების მონიტორინგს, რაც დააჩქარებს სახელისუფლებლო პროექტების განხორციელებას.
„რეფორმის მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ბლოკი გულისხმობს რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების ამჟამინდელი ტემპები დაჩქარებას ითხოვს. ვთვლით, რომ ჩვენ შეგვიძლია უკეთესი გზების პოვნა ქვეყნის ინფრასტრუქტურული ბაზის შესაქმნელად. ეს კი, პირველ რიგში, გულისხმობს გზატკეცილების პროექტების სწრაფ დასრულებას და ახალი მნიშვნელოვანი გზების დაგებას ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გასაზრდელად,” – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
რეფორმების მეოთხე ბლოკი განათლების სისტემის რეფორმას მოიცავს. პრემიერის თქმით, დღესდღეობით, განათლების სისტემას, წვლილი შეაქვს ქვეყანაში უმუშევრობის ზრდაში.
„ჩვენ გარდავქმნით და ჩამოვაყალიბებთ განათლების ისეთ სისტემას, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამომწურავ და დინამიურ კვლევას. სახელისუფლო რესურსები უფრო ეფექტიანად იქნება მიმართული იმ სპეციალობებზე, რომლებიც მოთხოვნადი იქნება მომავალში. გარდა ამისა, მეტი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ განათლებას. ჩვენ მეტ სახელისუფლო რესურსს დავუთმობთ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას. ამ შემთხვევაშიც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, განსაკუთრებით კი პროფესიული სასწავლებლები, მთავრობის პრიორიტეტთა სიაში იქნებიან”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთვარობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების მოლაპარაკების პროცესზე და აღნიშნა, რომ ჩინეთს შემოაქვს ახალი დინამიზმი ევროპის ზრდის პოტენციალში, ხოლო საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება ევროპისა და აზიის დაკავშირების თვალსაზრისით.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობა, ძალიან მარტივი ბიუროკრატიული სისტემა, ძალიან დაბალი გადასახადები, რომლებიც, ჩემ მიერ ხსენებული რეფორმის გატარების შემდეგ, კიდევ უფრო დაბალი იქნება კერძო სექტორისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს კვალიფიციური, განათლებული კადრები, იაფი ენერგორესურსები. ყოველივე ეს კი, ეფექტიანი მთავრობის საქმიანობასთან ერთად, იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ საქართველო გახდება რეგიონის სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრი,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს განაცხადა, მთავრობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ საქართველოს მოქალაქეთა და ამომრჩევლის მიერ დაქირავებული მოხელეები არიან.
„ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა გემსახუროთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენს ბიზნესებს ჩვენ ვუყურებთ, როგორც განვითარების პროცესის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას,” – მიმართა პრემიერმა ბიზნესის წარმომადგენლებს.
საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმები, მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა, – მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღონისძიებაზე იყო, როგორც სხვადასხვა სახის კითხვები, ასევე – შეთავაზებები.
“საუბარი იყო გარკვეულ შეთავაზებებზე, რომ საგადასახადო სისტემაში სხვადასხვა საკითხი შეიცვალოს, მათ შორის – საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირების კუთხით. ჩვენ ამ რეფორმებს ვგეგმავთ, გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, საგადასახადო სისტემა გავაუმჯობესოთ და საგადასახადო შემოწმებების რეგლამენტირება მოვახდინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოწმება დროში იყოს რეგლამენტირებული და შემოსავლების სამსახურის ინსპექტორმა იცოდეს, რა რეგლამენტით მოქმედებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზეც:
„ამ მხრივ ხარვეზებზე არ არის საუბარი. ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ჩამოყალიბებული ტრადიცია და წესები ალბათ საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ პროექტები. საუბარია იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც არის ავტობანი, რამდენი გზა: მცხეთა-ლარსის გზა, ქუთაისი-სვანეთის დამაკავშირებელი გზა, გოდერძის გზა, რუსთავი-სადახლო, რუსთავის წითელი ხიდის გზები, ის ჩონჩხური ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია, რათა ბიზნესი ჩქარა განვითარდეს და მოხდეს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზება. საუბარია ამ პროექტების მაქსიმალურად დაჩქარებულ შესრულებაზე. მე გავდივარ კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიასთან, ასევე საინჟინრო სფეროს წარმომადგენლებთან და უახლოეს პერიოდში ამაზე მექნება უფრო კონკრეტული საუბარი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები