დიდთოვლობას ნგრევა მოჰყვა – გურიაში ზარალს ითვლიან

გურიაში დიდთოვლობას მეოთხე  დღეა ებრძვიან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების წმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. პრობლემები შეიქმნა ნატანები-შრომა-ურეკის საავტომობილო მაგისტრალზე. ადგილზე 8 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. დამატებით თოვლსაწმენდი ტექნიკა მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოუყო. როტორის ტიპის დანადგარი თოვლის საფარისგან ნატანების საგზაო მონაკვეთს ასუფთავებს. ამ დროისთვის გავლადია სოფელ კონჭკათის სამანქანო გზა. დიდთოვლობას მუნიციპალიტეტში ნგრევაც მოჰყვა. დაზარალდა გოგუაძეების ათსულიანი ოჯახი დაბა ურეკში. ჩამონგრეულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი. გოგუაძეები დროებით მეზობელთან ცხოვრობენ. მძიმე მდგომარეობაა სოფელ შრომაშიც. უხვი ნალექის გამო თამარ აბულაძისა და მერაბ დარჩიას საცხოვრებელ სახლებს სახურავი ჩამოეშალა. აბულაძეები ამ დროისთვის დედაქალაქში იმყოფებიან. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას შეუდგა. „უკვე მეოთხე დღეა ვებრძვით დიდთოვლობას. თოვლის საფარი რიგ სოფლებში 80 სანტიმეტრს აჭარბებს. ტექნიკა მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. დამატებითი ტექნიკის საშუალებით, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოგვიყო, ყველა რთულ მონაკვეთს გავასუფთავებთ. ვიყენებთ ყველა რესურსს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ. მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები