გიორგი კვირიკაშვილი: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის

პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ემსახურება იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პერსონალურ მონაცემთა საერთშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც ქვეყანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით დგამს და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო, რომელმაც მოკლე დროში, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის დამკვიდრების საქმეში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
„ამ კუთხით განხორციელებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში. რეფორმა დადებითად შეფასდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა სრული დაცვის კუთხით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ემსახურება იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობა ასევე უზრუნველყოფს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროკავშირის რეგულაციებთან, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ კომპანიებთან პარტნიორობას და მონაცემთა გაცვლას გაამარტივებს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიმართ კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ნდობა იზრდება.

სტატისტიკის თანახმად, მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, ექვსჯერ არის გაზრდილი. ასევე, მზარდია საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების სტატისტიკაც.

პრემიერის თქმით, თუ ვინმე ისევ შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

„ჩვენს საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმის განცდა, რომ საზოგადოების წევრთა პირადი ცხოვრება არ არის დაცული ფარული თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟისაგან. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის გასაქარწყლებლად. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს, რომ ეს მანკიერი, დანაშაულებრივი პრაქტიკა აღარ განმეორდეს და, თუ ვინმე ისევ შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ამ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, საქართველო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკვე მესამედ აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები