ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქციის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის” დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელსაც ევროპის პარლამენტში საქართველოს თემაზე მუდმივი მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი ხელმძღვანელობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა. ნოდარ ხადურმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სოციალურ -ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, მათ შორის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების მიმართულებით. დელეგაციის წევრების განცხადებით, მათთვის ცნობილია იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა მოსახლეობის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიმართულებით.
მათივე თქმით, „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი” კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპარლამენტში ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით.
„სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი” სიდიდით მეორე საპარლამენტო ჯგუფს წარმოადგენს და მის შემადგენლობაში შედის 195 დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები