დიდთოვლობის გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გართულდა

საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გადაადგილება გართულდა. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწყვეტილა.
საავტომობილო გზების ინფორმაციით, აჭარის მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი ბობოყვათიდან ბათუმის შესასვლელამდე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
“ზვავშაშიშროების გამო, მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა -გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.
ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებულნი არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები