„ბინაში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, მკვლელობის მომენტში ქირიასა და კუჭავას გარდა არავინ ყოფილა“
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა.
შოთაძემ გამოძიების სხვა დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნაპოვნია ქირიას მანქანა და ამოღებულია ნიმუშები.
“ქირიას მანქანის ძებნა მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში. ეს მანქანა გაცილებით მოშორებით იყო შემთხვევის ადგილიდან, შესაბამისად, სწორედ ამიტომ გაჭირდა ავტომობილის პოვნა შემჭიდროებულ ვადებში. თუმცა, მთავარია, რომ ეს მანქანა ნაპოვნია, მოხდა მისი დათვალიერება. მანქანიდან ამოღებულია შესაბამისი ნიმუშები და დანიშნულია ექსპერტიზები”, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
შოთაძის განცხადებით, ბინა, რომელშიც ქირიას გვამი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ იქირავა, თუმცა ბინის მეპატრონეს სხვისი სახელით და გვარით გაეცნო.
“არსებობს ვერსია, რომ ტელეფონი რუსთავში დააგდეს კვალის არევის მიზნით, სხვა დეტალებზე საზოგადოებას დამატებით მოვახსენებთ. ცნობილია, ვინ იპოვა ტელეფონი და ეს ადამიანი დაიკითხა. ბინის მეპატრონისგან ბიძინა კუჭავამ ბინა იქირავა რამდენიმე დღით, მეპატრონეს იგი გაეცნო სხვა სახელით და გვარით და მათ შორის ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხებით. ბინის მეპატრონემ ამოიცნო ბიძინა კუჭავა, როგორც ადამიანი, რომელმაც მისგან იქირავა ბინა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ სხვისი პირადობის მოწმობა აჩვენა. ეს პირადობა ჩვენ არ გვაქვს ამოღებული, ეს ვიცით ზეპირსიტყვიერად”, – განაცხადა შოთაძემ.
პროკურორის განცხადებით, ბიძინა კუჭავას ჯიბეში ჰქონდა ვახტანგ (პაატა) ქირიას მანქანის ტექნიკური პასპორტი.
“პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ ჰქონდა ჯიბეში და რატომ არ გადააგდო, დაავიწყდა თუ სხვა მიზეზით ინახავდა მას, შეეძლო ბიძინა კუჭავას”, – განაცხადა შოთაძემ.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბიძინა კუჭავა მის მიერ დაქირავებულ ბინაში, დანაშაულის ჩადენის დროს, იყო მარტო.
“მისი და ვახტანგ ქირიას გარდა, სხვა ადამიანის ბინაში ყოფნა არ დასტურდება. ლოგიკურად შემიძლია ვიმსჯელო, რომ ვინაიდან ამ ადამიანებს აკავშირებდათ ნათესავური და ახლობლური ურთიერთობა, რასაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ქირიას პროკურატურაში საქმიანობასთან, შეიძლება ითქვას, მოტივი არ უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.