ირაკლი შოთაძე: ქირიას მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა და შეკრებილია მტკიცებულებები.
“ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია. ჩვენ თანამშრომელი დავკარგეთ, რისთვისაც ვუსამძიმრებ მთლიანად უწყებას და ოჯახს. რაც შეეხება მოტივს, მოტივზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, იძლევა კონკრეტულ პირზე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვახტანგ ქირიას მკვლელობა ჩაიდინა. გამოძიება გრძელდება და შედეგებზე დეტალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ, რომელიც ზუგდიდში, ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე ჩავიდა.