პრემიერმა დავოსში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი შეაჯამა.
პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ლიდერებთან საუბარი ჰქონდა იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვარშავის სამიტამდე, იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს.
“ეს იყო შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან – ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან, შვეიცარიის პრეზიდენტთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ყაზახეთის პრემიერთან და სხვა ლიდერებთან. შეხვედრები ასევე მქონდა სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის და კომპანიის წარმომადგენლებთან. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი. ასევე შევხვდი ბიზნესის წარმომადგენლებს, არაერთ კომპანიას.
საუბარი გვქონდა საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე. რამდენიმე საჯარო დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა და გავაცანით ჩვენი რეფორმების გეგმა. ძალიან დადებითად იქნა აღქმული ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებმა აღგვითქვეს დახმარება ამ რეფორმების განხორციელებაში.
ეს გეგმა, როგორც უკვე გამოვაცხადეთ, არის საგადასახადო ლიბერალიზაცია, მმართველობის სისტემის რეფორმა, ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების დაჩქარება და განათლების რეფორმები. ჩვენ შევხვდით ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს, ტონი ბლერს, რომელთანაც ასევე განვიხილეთ რეფორმების გეგმა და, სავარაუდოდ, ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე შევხვდით ნატოს გენერალურ მდივანს და ვისაუბრეთ, ვარშავის სამიტამდე რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები