არასრულწლოვანზე ქორწინების გამო, 25 წლის მამაკაცზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – “სიყვარულით და ნებით მოვიყვანე”…
25 წლის მარად პაქსაძე ხელისუფლებას სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას სთხოვს. პაქსაძეს გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს ედავება. პაქსაძის განცხადებით, ნანა ხმალაძე ცოლად გასულ წელს მოიყვანა, ქორწინებიდან 5 დღეში კი გოგონას 16 წელი შეუსრულდა. მისივე თქმით, კანონისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. პაქსაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარე წელს შვილის სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირებისას აღიძრა.
„მეუღლე 2015 წელს სიყვარულით და ნებით მოვიყვანე. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ნიშნობა და ქორწილიც გვქონდა. შვილი მიმდინარე წლის 16 იანვარს შემეძინა და რადგან არასრულწლოვანმა იმშობიარა, მაგის გამო სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული“,- განაცხადა პაქსაძემ.
საქართველოს პარლამენტმა არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ კანონი გასული წლის 16 დეკემბერს მიიღო. ცვლილების თანახმად, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით და ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორსაც წარმოადგენს ორსულობა და ბავშვის დაბადება. განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ხელი შეეწყოს 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვან პირთა არასასურველ და იძულებით ქორწინებათა პრევენციას, რასაც ხშირად ადგილი აქვს მშობლების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.