უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების სამორიგეოს უფროსი ინსპექტორის ბ.დ.-ს დარღვეული შრომითი უფლების აღსადგენად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
“წარმოდგენილ განცხადებაში ბ.დ. აღნიშნავდა, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან მისივე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა შემდეგი გარემოებები: 2015 წლის მარტში ბ.დ. დაიბარა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების მაშინდელმა დირექტორმა და აცნობა, რომ მინისტრი განაწყენებული იყო აღნიშნულ დაწესებულებაში ვიზიტისას, ბ.დ.-ს მორიგეობის დროს, სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო მსჯავრდებულთან შეხვედრით. დირექტორმა ბ.დ.-ს მოუწოდა, საკუთარი ნებით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დაითხოვდნენ და პირადი საქმე გაუფუჭდებოდა. ბ.დ.-მ საქართველოს სახალხო დამცველს განუმარტა, რომ მან ხელმძღვანელი პირის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაწერა პატაკი დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ბ.დ.-ს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.