“მაყუჩიანი იარაღი, რომლითაც ხარძიანი მოკლეს, კუსტარულად იყო დამზადებული”
მაყუჩიანი იარაღი, რომლითაც ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლეს, კუსტარულად იყო დამზადებული. ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა.
ვასაძის ინფორმაციით, ბრალდებულებს იარაღი საზღვარზე არ შემოუტანიათ. მისი თქმით, იარაღი საქართველოშია მოპოვებული და ექსპერტიზის დასკვნით, ის კუსტარულად არის დამზადებული.
„ოლეგ დოევი და ოლექსანდრ დამეტოვი საქართველოში შემოსულები არიან 2015 წლის 13 იანვარს. მართალია, ერთ-ერთ მათგანს გამოყენებული აქვს ყალბი პასპორტი, თუმცა ეს საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი არ არის და შესაბამისად, იმდენად მაღალი ხარისხით არის გაყალბებული, რომ მას შეეძლო თავისუფლად საზღვარზე შემოსულიყო. იარაღი ბუნებრივია საზღვარზე არ შემოუტანიათ, ვინაიდან საჰაერო საზღვრით არიან შემოსულები, იარაღი საქართველოშია მოპოვებული და ექსპერტიზის დასკვნით, ის არის კუსტარულად დამზადებული. ლულა, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა, არის კუსტარულად დამონტაჟებული ამ იარაღზე, შესაბამისად საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მაყუჩი, რომელიც იარაღზე იყო დამონტაჟებული, ასევე კუსტარული წესით არის დამზადებული. გამოძიების მასალების მიხედვით, ეს იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო, თუმცა ლულის შეცვლით მოხდა მისი ცეცხლსასროლ იარაღად გადაკეთება.
საქმეში ბრალდებულ პირებს თბილისში ჰქონდათ ბინა ნაქირავები და ბინაში ჩხრეკის შედეგად ჩვენ ამოღებული გვაქვს ის ხელსაწყოები, რომლებიც გამოყენებული იქნებოდა ამ იარაღის გადაკეთებისთვის“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.