თამარ ტალიაშვილი შშმ ჩვილ ბავშვთა საკითხებზე UNICEF-ის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი შშმ ჩვილ ბავშვთა საკითხებზე UNICEF-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილმა UNICEF-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარ შშმ ბავშვებისთვის გარემო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ჩართულობის საკითხებზე გამართა.
დეპუტატის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტი შშმ პირთა საკითხებსა და მათთვის ადაპტირებული გარემოსა და სერვისების შეთავაზებაზე, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათი უფლებების დაცვაზე აქტიურად მუშაობს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. 2015 წლიდან ამოქმედდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა, ამასთან, მიმდინარეობს ბაგა-ბაღების შენობების ადაპტირება, თბილისის მასშტაბით უკვე დასრულდა 160 ბაგა-ბაღის ცენტრალურ შესასვლელებში პანდუსების მოწყობა, ხოლო სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უფასო ბაგა-ბაღების სერვისით სარგებლობის უფლება გაუხანგრძლივდათ. განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და UNICEF-ის წარმომადგენლები: მაგული შაღაშვილი და ჯაბა ნაჭყებია შშმ ბავშვთა საჭიროებების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარების მიზნით ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები