გიგლა აგულაშვილი პრომეთეს მღვიმეში კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდა, სადაც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პრომეთეს მღვიმე დაათვალიერა.
მღვიმეში, საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, კონცერტი გაიმართა. ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის, მიწის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეზე, „მედეას დარბაზში“ კლასიკური პოპულარული მელოდიები და კინომუსიკის შედევრები სიმებიანმა კვარტეტმა „სფორცანდომ“ შეასრულა.
პრომეთეს მღვიმის ტურისტული ბილიკი კილომეტრნახევარზე გრძელდება და 6 ულამაზეს დარბაზს მოიცავს. მიწისქვეშა მარშრუტი ორი გასასვლელით ბოლოვდება – წყალქვეშა მდინარეზე ნავებით ან საფეხმავლო გზით.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), USAID-ის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და სხვ. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები