გურამ მაჭარაშვილი: 4-მა ოქტომბერმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის სურს დამხობა და რევოლუციები

ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაკავებას ეხმაურება.

„4-მა ოქტომბერმა ერთი მხრივ აჩვენა ის, რომ საქართველოს საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის აღარ სურს არც დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურმა წარმომადგენლებმა ნახეს, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდათ.
მეორე მხრივ, გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი და ყველამ უნდა აგოს პასუხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წუთების სიზუსტით გამოაცხადა ის მტკიცებულებები, სადაც ბაჩანა ახალაია 4 ოქტომბერს დამხობის პროცესს, როგორც ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ მიდიხარ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და მით უმეტეს დამხობის პროცესში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაჩო ახალაია „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები