“მკვლელობის მოტივი იმ ორმა ადამიანმა იცოდა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის”

„მკვლელობის მოტივი იმ ორმა ადამიანმა იცოდა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს და მაქსიმუმს აკეთებს სამინისტრო, რათა მკვლელობის მოტივი დადგინდეს.
ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში შს მინისტრის მოადგილე აღნიშნულ საქმეზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როგორც წესი, მათ ამ საქმითაც სცადეს გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩაწერა.
თალაკვაძემ მათ შეახსენა, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელის ბიძინა კუჭავას სახელს არაერთი საქმე უკავშირდება.
„ასევე მინდა გამოვეხმაურო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომელთაც, როგორც წესი, ამ საქმითაც სცადეს გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩაწერა. მგონი ეს დიდი უკულტურობა იყო. მინდა, მათ შევახსენო: სხვა ოთხი საქმეც კუჭავას გვართან ასოცირდება, რომელიც ჩადენილი იყო 2005-2009 წლებში და სავარაუდოდ, არანაკლები სისასტიკით.
არცერთ საქმეში მკვლელი დადგენილი არ არის. ჩვენ ახლა მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ საქმეებსაც მოეფინოს ნათელი და დადგინდეს მონაწილეობდა თუ არა კუჭავა იმ საქმეებშიც, მათ შორის საუბარია გერის მკვლელობაზე და ასევე დაკარგულია მისი და, რომლის კვალიც დღემდე არ არის ნაპოვნი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები