მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ შპს „ლოჯიკ გრუპის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სპორტის სასახლესა და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განხორციელებული საინვესტიციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში გაიხსნა სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის რეაბილიტაციაც ორი თვის წინ დაიწყო.
„სპორტის სასახლის“ 100%-იანი წილი 30 წლის ვადით – საინვესტიციო ვალდებულებით შპს „ლოჯიკ გრუპს“ 2007 წელს გადაეცა. „შპს „ლოჯიკ გრუპთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შენობის მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას. ასევე ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
გასულ წელს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ლოჯიკ გრუპს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შესაბამისი სამუშაოები გასულ წელსვე დაიწყო.
მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის განცხადებით: ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობის. კერძო სექტორმა, რომელმაც მმართველობაში აიღო მუნიციპალური ქონება, მოაწყო საზოგადოებრივი სივრცე. ასევე ჩვენი ინიციატივით მოხდა სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ცენტრალურ შესასვლელში დამონტაჟდა პანდუსი, დარბაზში მოეწყო აივანი ეტლით მოსარგებლე მაყურებლებისთვის, გაკეთდა ორი ადაპტირებული სველი წერტილი, უკანა შესასვლელში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამონტაჟდა ჰიდრავლიკური ამწე (პლატფორმა). ეს არის კარგი დასაწყისი და მაგალითი სხვა ადმინისტრაციული თუ მართვაში მყოფი შენობების რეაბილიტაციის.“ შპს „ლოჯიკ გრუპმა“ ამ დროისთვის განახორციელა სამი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ლოჯიკ გრუპმა“ სულ, ჯამში, უნდა განახორციელოს ხუთი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და დასრულდა 1961 წელს.