კუჭავას მეუღლე: პაატას ის ვერ მოკლავდა ვერანაირად, ჩვენ ძალიან ახლობელი ოჯახები ვართ
სანამ დასკვნა არ დაიდება, ძალიან ბევრი კითხვა იბადება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა კუჭავას მეუღლემ, მარინა ნიკოლოზაშვილმა განუცხადა.
“კითხვები გამაჩნია მე და ჩემს ოჯახს. გამოვრიცხავ ბიძინას თვითმკვლელობას და მის ქმედებას ქირიასთან მიმართებაში. პაატას ის ვერ მოკლავდა ვერანაირად, ჩვენ ძალიან ახლობელი ოჯახები ვართ”, – განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.
როგორც კუჭავას მეუღლემ განმარტა, ის პროკურატურაში დაკითხვაზე თითქმის 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გაიგო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.
“მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნდა”, – აღნიშნა ნიკოლოზაშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.
მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.