ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ. ქანთარიას თქმით, ქირიას მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, სამსახურებრივი არ ყოფილა.
“სავარაუდოდ, მოტივი არ იყო სამსახურებრივი, როგორც ეს ახლობლებისგან გავიგე, თუმცა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს”, – აღნიშნა ქანთარიამ.
ამასთან, გარდაცვლილის ძმამ ელდარ ქირია საგამოძიებო უწყებებს სწრაფი რეაგირებისთვის და მისი ძმის ცხედრის პოვნისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს. ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილია “საქართველოს ხმის” დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა, რომელმაც თავი მოიკლა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.