“საქართველოს ხმის” დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული
“საქართველოს ხმის” დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა ეჭვმიტანილია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში, რის შემდეგაც ის მიმალვას ცდილობდა, მას შემდეგ კი, რაც გამოძიება მის კვალზე გავიდა, თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას მეუღლე მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს. ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.