დავით სერგეენკო: ვანის მოსახლეობას არ დავტოვებთ სამედიცინო ინფრასტრუქტურის გარეშე

ვანის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურეობის ინფრასტრუქტურა, მართლაც, სავალალო მდგომარეობაშია – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, წელიწადნახევარი დაეთმო იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის “ჯიპიაისთან” სამართლიანი, ურთიერთობა დამყარებულიყო. მისივე თქმით, გასაოცარი იყო ასეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება “ჯიპიაისგან”, რომლის მინიმალური ვალდებულება იყო ამ პროექტის დასრულება.
“ჩვენ რაც მოვახერხეთ, მინიმალური კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ, ისიც იმის გამო, რომ ის შენობა იპოთეკით არის დატვირთული და რთული ქონებრივი დავებია. წელიწადნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის “ჯიპიაისთან” სამართლიანი, პარტნიორული ურთიერთობა დაგვემყარებინა კონკრეტული ნაბიჯებით. ეს ნაბიჯები გადადგმულია და შესრულებულია ჩვენი მხრიდან. მართლაც, გასაოცარი იყო ასეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება “ჯიპიაისგან”, რომლის მინიმალური ვალდებულება იყო ამ პროექტის დასრულება. შემოგვითვალეს, რომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება. ამიტომ, პირველი – სიტყვას ვიძლევი, რომ ვანის მოსახლეობას არ დავტოვებთ სამედიცინო ინფრასტრუქტურის გარეშე, წელსვე ამას აუცილებლად მოვაგვარებთ. მეორე – იმედი მაქვს, “ჯიპიაის” მენეჯმენტს ოდნავ საღი აზრი მაინც აქვს შერჩენილი, საკუთარ თავს და საკუთარ ბიზნესს არ შეუქმნიან საფრთხეს იმითი, რომ ყველაზე ძვირფასი რაც არის, განსაკუთრებით სადაზღვევო კომპანიისთვის, საკუთარი სანდოობისა და რეპუტაციის შენარჩუნება, საკუთარი ხელით არ გაუთხრიან სამარეს”, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, დავით სერგეენკოს განცხადებით, ვანის საავადმყოფოსთან მიმართებაში, თუ 1 მაისამდე არ მოხდა ისეთი ინფრასტრქუტურის ჩაბარება, რომელიც შეესაბამება სანებართვო პირობებს, ჩაერთვება ფინანსური სანქციები.
“ვანის საავადმყოფოსთან მიმართებაში, თუ 1 მაისამდე არ მოხდა ისეთი ინფრასტრუქტურის ჩაბარება, რომელიც შეესაბამება სანებართვო პირობებს, ჩაერთვება ფინანსური სანქციები, მზარდი კასკადით და მძიმე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგებათ მათ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დაიხარჯებოდა ამ პროექტის განხორციელებაში და რაც მთავარია, ჩვენ ცალსახად დავკარგავთ სანდო პარტნიორს არა მხოლოდ მარტო ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ, ვფიქრობ, მთელი ქვეყანა”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები