აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2025 წლის საქმიანობა შეაჯამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მინისტრმა ძირითადი ყურადღება ბიუჯეტის ზრდაზე, სტრატეგიულ დაგეგმვაზე და რესურსების ოპტიმიზაციაზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობისა და დევნილ მეწარმეთა მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას. მოხსენების ფარგლებში, მინისტრმა ასევე სამინისტროს 2026 წლის სტრატეგიაზე ისაუბრა.
მოხსენების შემდეგ, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდასა და 2026 წელს დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილი სამი მეწარმე ქალი დააჯილდოვეს, რომლებმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში გრანტი მიიღეს. ასევე სპეციალური ჯილდო გადაეცათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობენ.
ანგარიშს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.