საქართველოში მიწისზედა და მიწისქვედა პარკინგის სისტემები დაინერგება

პარკირების მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტები საქართველოში თანამედროვე სისტემების შემოღებაზე მუშაობენ. საუბარია როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა და ლიფტისებურ, მრავალსართულიან პარკინგ-სისტემებზე, რომლის პრეზენტაციაც „ივერია მოტორსის“ წარმომადგენლებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართეს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თეიმურაზ შარვაშიძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, შერჩეულია, რა ტიპის პარკინგ-სისტემები იქნება საქართველოსთვის გამოსადეგი.
„ესენია, პაზლის ტიპის ორ და მრავალსართულიანი სისტემა; კოშკურა მრავალსართულიანი ლიფტისებური სისტემა და კარუსელის როტაციული სისტემა. აღნიშნული სისტემები მეტალის კონსტრუქციისგან შედგება, რომელიც ადვილად მონტაჟდება საჭირო ადგილებზე, არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს, ხელსაყრელია მისი ადვილად მართვა და, ასევე, შესაძლებელია საჭიროებისას მისი დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა. მეტალის კონსტრუქციის დამონტაჟება შესაძლებელია ისეთ დასახლებულ ადგილებზე, სადაც გაძნელებულია ახალი მშენებლობები“, – განაცხადა შარვაშიძემ.
კომპანიის წარმომადგენლებმა თითოეული სისტემის უპირატესობებზეც ისაუბრეს: „როტაციული ტიპის პარკინგის სისტემა კარუსელის ტიპის კონსტუქციას წარმოადგენს, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურ-წრიულად. გამოირჩევა მართვის სიმარტივითა და სისწრაფით და თითოეული სისტემა მხოლოდ 3 ავტომობილის ადგილს იკავებს. ვერტიკალურად კი შეიძლება 12-13 ავტომობილის სადგომის განთავსება. რაც შეეხება კოშშკურა-მრავალსართულიანი ლიფტისებურ პარკინგ-სისტემას, ის წარმოადგენს  ლიფტის სტილს, რომელიც მაღლა სწევს მანქანას გამიზნულ სართულამდე, ხოლო სასრიალო მექანიზმს კი მანქანა პარკინგის ადგილამდე გადაყავს. ლიფტის მოწყობილობა დაეშვება ქვედა სართულამდე, სამანქანო პლატფორმა თავისი მოწყობის წესის მიხედვით რწმუნდება, რომ მანქანის სამართავი მექანიზმი უკვე გარეთაა და მძღოლს შეუძლია წაიყვანოს მანქანა.“12499400_964335933655323_1949035651_o
რაც შეეხება პარკირების ფასიან სისტემებს, კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, შესაძლებელია, აღნიშნული კომერციულად მიმზიდველ ადგილას განთავსდეს, სადაც ავტომობილების ხშირი მოძრაობაა, როგორიცაა ჰოსპიტალის, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სახელმწიფო დაწესებულებების ტერიტორიები. ამ შემთხვევაში თითოეული ავტომობილის ადგილი შეიძლება საათში 3 ლარად გაქირავდეს.
„მაგალითისთვის, 25-ადგილიანი პაზლის ტიპის სადგომის შემთხვევაში, გაანგარიშება შემდეგნაირად გამოიყურება: მანქანების რაოდენობა 25 ერთეული, დგომის ღირებულება საათში 3 ლარი, სამუშაო საათების რაოდენობა 10 საათი, დღიური დატვირთვის კოეფიციენტი 80 %. შემოსავალი კი ერთ თვეში (26 დღეზე) 15,600 ლარს შეადგენს. შემოსავალი 1 წელიწადში 187,200 ლარია (78,000 აშშ დოლარი). პარკირების სისტემის ღირებულება კი 175,000 აშშ დოლარია“, – აღნიშნა თეიმურაზ შარვაშიძემ.
კომპანიას მოლაპარაკებები დაწყებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და როგორც წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი მხარდაჭერა უკვე არსებობს, რაც ისტორიული საქმეა. რაც შეეხება თანამშრომლობას თბილისის მერიასა და მთავრობასთან, იგეგმება შეხვედრა და პროექტის დეტალური განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები