საბერძნეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი სიცხის ფონზე მასშტაბურ ხანძრებს კვლავ ებრძვის, თუმცა, მეხანძრეებმა ბევრი კერა კონტროლს დაუქვემდებარეს,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
კვირას, ცენტრალურ საბერძნეთში, ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. გვიან ღამით მეხანძრეები ათენის დასავლეთით, პელოპონესის რეგიონში, ასევე ევიას, კიტირასა და კრეტას კუნძულებზე ხანძრის ხუთ მთავარ კერაზე მუშაობდნენ.
ქვეყანამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს ექვსი სახანძრო თვითმფრინავისთვის დახმარება ოფიციალურად სთხოვა.
ასევე, თურქეთში ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მეტეოროლოგებმა სილოპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურამ 50.5 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირეს.
აღსანიშავია, რომ ოთხშაბათს, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ესქიშეჰირში, ხანძრის ჩაქრობისას 10 ადამიანი დაიღუპა.
ივნისის ბოლოდან ქვეყანაში ათობით ძლიერი ხანძარია, რის გამოც პარასკევს მთავრობამ ორი დასავლეთ პროვინცია, იზმირი და ბილეჯიკი, კატასტროფის ზონებად გამოაცხადა.