„აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლება არ ხდება და არსებული „შიშები“ უსაფუძვლო და გადაჭარბებულია“

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ლევან კალანდაძის განცხადებით, „სოკარს“ წლის განმავლობაში შეუძლია, საქართველოს მოთხოვნა გაზთან დაკავშირებით შეასრულოს, მაგრამ ის ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას ზამთრის ე.წ. პიკურ თვეებში.
მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე იძულებული იქნება, განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები ამ სფეროში.
„ეს ყველფერი ერთ და ორ დღეში ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში, შესაძლებელია, საქართველოში გაზის მოცულობა 6-დან 7 მილიონამდე დღიური მოხმარების სახით გაიზარდოს, ძნელად წარმოსადგენია. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული დრო და ფინანსებია საჭირო. რამდენადაც მოკლე ვადებში არ უნდა გააკეთოს აზერბაიჯანმა ეს, ჩვენ, მაინც გვრჩება დასაბალანსებელი დეფიციტი იმიტომ, რომ ჩვენი დეფიციტი შეადგენს დაახლოებით, 2 მილიონნახევარ კუბურ მეტრ დღიურ მოწოდებას და აზერბაიჯანი გვპირდება, რომ გაზის მიწოდება ერთი მილიონით შეუძლია გაზარდოს. ანუ, საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ მაინც დეფიციტი გვაქვს“, – აცხადებს კალანდაძე.
მისივე თქმით, საქართველოში გაზის დღიური მოხმარება ე.წ. პიკურ თვეებში არის დაახლოებით 11 მლნ. მ3, ზაფხულის თვეებში კი, დაახლოებით 4 მლნ. მ3.
კალანდაძის განცხადებით, საქართველოში გაზის შემოტანა მხოლოდ „სოკარის“ და „გაზპრომის“ საშუალებითაა შესაძლებელი.
ექსპერტის განცხადებით, აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ ხდება და საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებული „შიშები“ ამ მხრივ, უსაფუძვლო და გადაჭარბებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები