შს მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ახალი მოადგილეები წარადგინა. შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ბესიკ ამირანაშვილი დაიკავებს, შს მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შს სამინისტრო და თავად როგორც მინისტრი, განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ.
ბესიკ ამირანაშვილი ამ დრომდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.
„კრიმინალთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა, რომელსაც დღეს ჩემს პირველ მოადგილედ წარმოგიდგენთ, მან საქმიანობა რიგით გამომძიებლად დაიწყო და გაიარა სხვადასხვა კარიერული ეტაპი, მუშაობდა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის პოლიციის სამმართველოებში, და ბოლოს, აჭარაში. სისტემას უდავოდ სჭირდება პრაქტიკოსი ძლიერი პროფესიონალები და დარწმუნებული ვარ, ბესიკი წარმატებით გაართმევს თავს ყველა ამოცანას“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე გიორგი ვარდიაშვილი იქნება. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ვარდიაშვილი უწყებაში საფინანსო-სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს.
“გიორგი ვარდიაშვილი სამინისტროში საფინანსო-სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს, მრავალი წელია ვიცნობ, დავითი გახლავთ საუკეთესო მენეჯერული თვისებებით დაჯილდოებული წარმატებული ფინანსისტი და იურისტი, იგი არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, 18 ტექნიკურ – სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მე მინდა წარმატებები ვუსურვო დავითსაც, მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად კიდევ ერთხელ მიწევს მუშაობა“,- განაცხადა შს მინისტრმა.
შს მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს მერაბ მალანიაც, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
“მერაბ მალანია ბოლო დრომდე მუშაობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. იგი არის თავისი საქმის პროფესიონალი, ერთგული, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. მას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს და მე დარწმუნებული ვარ. რომ ისიც წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ეს არის ჩვენი განახლებული გუნდი“, – განაცხადა შს მინისტრმა.
მისი თქმით, ეს არის პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და სიტემური ცვლილებებისა, რომელიც იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა და კრიმინალთან ბრძოლაში წარმატებულნი ვიქნებით“, – განაცხადა შს მინისტრმა.