„წინა ხელისუფლების დროს, მილსადენის გაყიდვაზე ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე იყო საუბარი“
ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მილსადენის გაყიდვაზე დაახლოებით, 2005 წელს, ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე იყო საუბარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის განმარტებით, მაშინ გაზის მომწოდებელი საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი იყო.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ის მილი, რომლითაც საქართველოს გაზი მიეწოდებოდა, ისევ რუსეთიდან გაყიდულიყო და არა იმაზე, რომ მაინცდამაინც, ეს რუსების ხელში აღმოჩენილიყო; „გაზპრომსაც“ შეიძლებოდა მიეღო მონაწილეობა ამ გაყიდვის პროცესში და ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ეს მათ ინტერესში იქნებოდა. არ იყო აუცილებელი, რომ მილსადენი მაინცდამაინც, რუსებზე გაყიდულიყო. შემდეგ, იყო 2006 წლის იანვარი, ძალიან მძიმე და ცივი ზამთარი, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა, გაზის მიწოდება გამოეყენებინა, როგორც პოლიტიკური იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. შეგვიწყვიტა ბუნებრივი აირით მომარაგება. ამის შემდეგ, თუ ნახავთ, რა ხდებოდა, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს, ცალსახად ჩანს, რომ წლების განმავლობაში, მართალია, „გაზპრომიდან“ შემოდიოდა საქართველოში რაღაც რაოდენობის ბუნებრივი აირი, მაგრამ ეს მოცულობა მუდმივად კლებადი იყო“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ცდილობდა, რომ ამ მხრივ, რუსეთზე დამოკიდებული აღარ ყოფილიყო.
„უკვე ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მეტ მოცულობას ვყიდულობდით აზერბაიჯანისგან და სულ უფრო ნაკლებს – „გაზპრომიდან“. ბოლო წლებშიც, „გაზპრომიდან“ რაღაც დამატებებიც შემოდიოდა – ძალიან უმნიშვნელო, ძირითადი ნაწილი კი – აზერბაიჯანიდან. ტენდენცია და კურსი იყო აღებული იმისკენ, რომ ჩვენ აღარ ვყოფილიყავით დამოკიდებული რუსეთზე იმიტომ, რომ აღარ ვენდობოდით მას და მომარაგება გვქონოდა უფრო სანდო სტრატეგიული პარტნიორისგან, აზერბაიჯანისგან“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისათვის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკან, გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მართალია, მილსადენის “გაზპრომზე” მიყიდვაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებ რისკებს ქმნის, ვიდრე “გაზპრომის” გაზზე „შეჯდომა“, რადგან ეს პუტინის ხელში არსებული პოლიტიკური იარაღია.