რა ციფრული საფრთხეები ემუქრება საქართველოს?

ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოჩენამ, ისეთივე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, როგორც საბეჭდმა მანქანამ XV საუკუნეში. ინტერნეტ-ტექნოლოგიებით მთავრობა და ბიზნესი  უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა. ინტერნეტ-გარემომ ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ჯგუფების ზრდას, ინტერნეტ-საზოგადოებების აქტივობასა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას (Sarker, 2006). ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მიკროჩიპები, რომლის სიმძლავრემ და მიკრო სიდიდემ გამოიწვია, როგორც თვით კომპიუტერის ხელმისაწვდომობის, ისე საფრთხეების ზრდა.

სტატიის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ ციფრული საფრთხეების წარმოჩენა და შეფასება, რომელიც საქართველოს საზოგადოების ინტერესის საგანია.

საზოგადოებისათვის, ტექნოლოგიებს მოაქვს, როგორც აბსოლუტური სიკეთე, ისე საფრთხეები და ნეგატიური შედეგები, მათ შორისაა:

  • პირადი ცხოვრების ხელყოფა;
  • არამკითხე შემოთავაზებები (სპამი);
  • ანონიმურობის დარღვევა;
  • მოქალაქეების კონტროლისა და თავისუფლების შეზღუდვა;
  • დაუგეგმავი და არაზუსტი ციფრული შეთავაზებები (გათვლილი არ არის ზუსტ შედეგებზე);
  • მოქალაქეების შეცდომაში შემყვანი და არასასურველი შედეგების გამომწვევი ინფორმაცია (რომელმაც, საზოგადოება შეიძლება მიიყვანოს სიძულვილამდე, ვიდრე კმაყოფილებამდე).

ზემოაღნიშნული გარდა, ინტერნეტ-გარემოს გამოწვევებიდან შეიძლება გამოვყოთ სამი  მნიშვნელოვანი საკითხი:

  1. ინტერნეტ-ბიზნესის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მართვისა და კონტროლის საკითხი. აღსანიშნავია, რომ კომერციულ web-საიტებზე ფორმირდება პერსონიფიცირებული ინფორმაცია (მაგალითად, საძიებო სისტემების, ინტერნეტ-მაღაზიების, ონლაინ მედიის თუ სხვა საიტების მიერ შეგროვებული ინფორმაცია). ქვეყანაში, განსაზღვრული არაა თუ რა ზომის პირადი ინფორმაციაა მოპოვებული კომერციული web-საიტების მიერ და როგორ/რისთვის გამოიყენება იგი;
  2. ხელისუფლების ორგანოების web-საიტების მიერ მოპოვებული პირადი ინფორმაციის მართვისა და კონტროლის საკითხი. სახელმწიფო სექტორის web-საიტებზე, მოქალაქეების შესახებ ფორმირდება მრავალფეროვანი ინფორმაცია (განათლების, ჯანდაცვის, პოლიტიკური მრწამსის, სქესობრივი ორიენტაციის და სხვა საკითხების შესახებ). აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გახდეს ადამიანზე გავლენის მოხდენის მძლავრი იარაღი. დღეს, აღნიშნული ინფორმაციის მართვა და კონტროლი ხორციელდება სახელმწიფოს მიერ და არა საზოგადოების სამივე სექტორის (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორის) მიერ;
  3. მიკროჩიპების გამოყენებით პერსონიფიცირებული ინფორმაციის ფორმირებისა და მართვის საკითხი. მსოფლიოში, აღნიშნული ტექნოლოგიების გავრცელების პროცესმა მიიღო ფართო ხასიათი. მიკროჩიპები შეიძლება განხილული იქნას, როგორც პირადობის დამადასტურებელი ტექნოლოგია, მონაცემთა ბაზა, ბიომეტრული მონაცემთა შემცველი, ციფრული ანგარიშსწორებისა და ციფრული ხელმოწერის ინტეგრაციის შესაძლებლობის მქონე (Singh, 2015), ავადმყოფობის ისტორიისა და გადატანილი დაავადებების მონაცემთა საცავი. მიკროჩიპები, სხვადასხვა სწავლულების მიერ განიხილება, როგორც სანდოობისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მექანიზმი, ისე საფრთხის შემცველი ტექნოლოგია.

რთულია არ დაეთანხმო იმ გავრცელებულ შეხედულებას და არ გაითვალისწინო მოსალოდნელი გამოწვევები, რომელიც შეიძლება ციფრულმა პროცესებმა გამოიწვიოს. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ ადამიანის ორგანიზმისათვის შექმნილი მიკროჩიპები, რომლის დანერგვამ შეიძლება გამოიწვიოს ყოველი მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, ფიზიკური და ფინანსური მოძრაობის თვალთვალი, ჯამრთელობის პრობლემები და სხვა უარყოფითი გამოვლინებები (Smith, 2008).

ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფარული ინფორმაციული სტრუქტურების გამოვლენას, საჯარო მართვის სუსტად სტრუქტურიზებული კომპონენტების წარმოჩენას, ნებართვის გარეშე პირადი ინფორმაციის ფორმირებას, დეზინფორმაციის ზეგავლენასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გავრცელებას.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე საუბრისას, აღსანიშნავია, სამუშაო ადგილებზე, მილიონობით თანამშრომლის ელექტრონული თვალყურის დევნების ფორმები (ფირმის შიდა ქსელებისა და web ტექნოლოგიების გამოყენებით). ასევე, კონტროლქვეშაა თანამშრომლების პოსტები სოციალურ ქსელებში, ფორუმებსა და კონფერენციებზე (Vaughan, 2007).

არსებითია აღინიშნოს, რომ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ის, რომ საზოგადოების მოთხოვნები, ადამიანის ორგანიზმში ჩადგმის მიკროჩიპებისა და კიბერორგანიზმების ამკრძალავი საკითხები განმტკიცდეს სამართლებრივი ბაზით.

როგორ ვიზრუნოთ ციფრულ საფრთხეებზე?

ვინ უნდა აკონტროლოს ინტერნეტ-გარემო? რა ელემენტებით უნდა გაკონტროლდეს ინტერნეტ  სივრცეში? როგორ მოხდება კონტროლის იმპლემენტაცია? რატომ საჭიროებს საზოგადოება ინტერნეტ-გარემოს კონტროლს?

იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხები ემსახურებოდეს ჯანსაღი სახელმწიფოს მშენებლობას  და არა რომელიმე პოლიტიკური სისტემის მიზნებს, საჭიროა სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლის ფუნქციით მოქმედებდეს სამოქალაქო და კერძო ორგანიზაციები (ერთობლივად). აღნიშნულ პროცესში, კი უმნიშვნელოვანესი როლი, სწორედ, რომ ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს.

ყველასათვის ცნობილია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს ადამიანის მორალურ უფლებას. შესაბამისად, კორპორაციული თუ სახელმწიფო ორგანოების მიერ ინტერნეტ-სივრცეში მოპოვებული პერსონიფიცირებული ინფორმაციის განკარგვის მონიტორინგის ფუნქცია უნდა გააჩნდეს თვით საზოგადოებრივ ჯგუფეს (რომელიც შექმნილია სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორს თანაბარუფლებიანი მონაწილეობით).

ქვეყანაში, უმართავი ციფრული პროცესები რომ არ მივიღოთ და შემდეგ არ ვაბრალოდ გლობალურ თუ ლოკალურ ფაქტორებს, ან ენდოგენურ თუ ეგზოგენურ ფაქტრორებს, საჭიროა  წინასწარ:

  • განისაზღვროს დასაშვები ნორმები და საჭირო პროცედურები;
  • განისაზღვროს საზოგადოების მოთხოვნებზე მორგებული ტექნოლოგიური პროცესები;
  • დაისახოს ციფრული სახელმწიფოს მიზნები და ამოცანები;
  • შეფასდეს ციფრული სახელმწიფოს ეკონომიკური ფასეულობა;
  • ეროვნულ სტრატეგიაში აისახოს მოსალოდნელი გამოწვევები;
  • დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და უწყებები;
  • საზოგადოებასთან შეჯერდეს სტრატეგიული მიზნები;

კიბერტერორიზმისა და კიბერსაფრთხეები ზრდა პირდაპირ დამოკიდებულებაშია მილიონობით ინტერნეტ-მომხმარებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხთან. ბუნებრივია, აღნიშნული კიბერგამოწვევები საჭიროებს ინტერნეტ-გარემოს რეგულირებას.

ვინაიდან და რადგანაც ინტერნეტ-მომხმარებლების აქტივობის მონიტორინგი საჭიროა, ამიტომ, საზოგადოებისათვის მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული:

  • გარემოებები, რომლის პირობებშიც ნებადართულია მოქალაქის პირად ცხოვრებაში შეჭრა;
  • დასაქმებულის ინტერნეტ-აქტივობის დაკვირვებისა და თვალთვალის ლეგიტიმაცია;
  • მარკეტინგული გამოკვლევისა თუ სხვა საშუალებებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების განკარგვის საკითხი;
  • მწარმოებლებსა და მომხმარებელებს შორის ურთიერთობის ჩანაწერის მართვისა და პერსონიფიცირებული ინფორმაციის ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირება.

იმისათვის, რომ ზემოაღნიშნულმა გამოწვევებმა არ დააკნინოს ტექნოლოგიების განვითარების პროცესი, საჭიროა პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა განახორციელონ საზოგადოების ფართო ინფორმირება მოსალოდნელი ციფრული საფრთხეების შესახებ.

სტრატეგიული დაგეგმვის გარეშე ინტერნეტ-ტექნოლოგიის ათვისება ზრდის საზოგადოებრივ რისკებს, მოქალაქეებისათვის წარმოქმნის გარკვეულ საფრთხეებს და ქვეყანას აყენებს ლოკალური გამოწვევების წინაშე. მსგავსი სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, სწორედ „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტია“ ის ძალა, რომელიც აღნიშნული პროცესის სტრატეგიული დაგეგმვის, საფრთხეების პრევენციისა და განვითარების ჯანსაღი გზების დასახვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ამრიგად, ქვეყანაში ციფრული სახელმწიფოს შექმნა და განვითარება, რომ სწორი გზებით განხორციელდეს, საჭიროა  შეიქმნას სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროცესის სამართლებრივ დარეგულირებას. ასევე, სტრატეგიული დაგეგმვითა და ეროვნული პოლიტიკით განსაზღვრავს დამკვიდრებისა და განვითარების პროცესს.

კვლევითი ინსტიტუტი ხელს შეუწყობს ინტერნეტ-გარემოს ფორმირებასა და განვითარებას. აღნიშნული ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს:

  • წარმოჩინდეს ციფრული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრევენციის მექანიზმები;
  • განისაზღვროს კონფიდენციალური პროფილის მექანიზმები;
  • განხორციელდეს მონაცემთა დაცვის საზოგადოებრივი მონიტორინგი;
  • უზრუნველყოფილ იქნას ქსელის რეგულირების სამართლებრივი სტანდარტების შემუშავება;
  • განისაზღვროს ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე უნიფიცირებული წესები;
  • ხელი შეეწყოს ინტერნეტ-გარემოს ნორმატიულ სამართლებრივი რეგულირების სრულყოფას;
  • ხელი შეეწყოს ელექტრონული კომერციის კანონის; ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის შექმნას;
  • საზოგადოების სამივე სექტორთან თანამშრომლობით, განისაზღვროს სამართლებრივი ნორმები ციფრული საფრთხეების რეგულირებასთან დაკავშირებით;
  • ყველაფრის კონტროლი და მონიტორინგი განახორციელოს საზოგადოების სამივე სექტორმა (თანაბარუფლებიანი მონაწილეობით);

ციფრულ გარემოში, ტექნოლოგიები ცვლის სახელმწიფო მართვისა და ადამიანთა საქმიანობის ყველა წესს. შესაბამისად, ცვლილებების კონტექსტი საჭიროებს საზოგადოების მონიტორინგს, განსაკუთრებით კი ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის არგუმენტირებული მიდგომებითა და შემუშავებული სტრატეგიით.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი,

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები