„საქართველოში 3 ათასამდე ემიგრანტი დაბრუნდა, აქედან სამასი კი, ხელისუფლების პროგრამის წყალობით, უკვე დასაქმებულია“

„2013 წლიდან დღემდე საქართველოში 3 ათასამდე ემიგრანტი დაბრუნდა, აქედან სამასი კი, ხელისუფლების პროგრამისა და თანადგომის წყალობით, უკვე დასაქმებულია“, – აღნიშნული განცხადება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარემ ზვიად კუშიტაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კუშიტაშვილის განცხადებით, ემიგრანტებს დასაქმებაში სახელმწიფო პროგრამა ეხმარება. მან ამ კუთხით წარმატებული მუშაობისთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა და საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.
“ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებულია დაახლოებით 11 ათასი ადამიანი. მათ შორის არიან ემიგრანტებიც და მათი ოჯახის წევრებიც. ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს, თუ რა პირობებში იმყოფებიან საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები. წინა ხელისუფლების დროს საქართველოში დაბრუნებულ ქართველებს ისევ გამგზავრება უწევდათ, რადგან აქ ვერ საქმდებოდნენ. დღეს კი ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. საქართველოში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში და სხვადასხვა საწარმოში 300 ემიგრანტი დასაქმდა. გვინდა ხელისუფლებას ამ მხრივ ასეთი წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადოთ. არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მობრუნებული ემიგრანტების დასაქმებას ითვალისწინებს. არის 3 000 ლარამდე გამოყოფილი გრანტები მცირებიზნესისთვის, რაც მათ დასაქმებას ხელს უწყობს. რაც შეეხება ემიგრანტების პრობლემებს, საზღვარგარეთ არის პრობლემები საკონსულოებსა და საკონსულოებში. არ ექცევათ მათ ყურადღება. ქართველი ბავშვის საზღვარგარეთ დაბადების შემთხვევაში მშობლებს პრობლემები ექმნებათ, რომ ბავშვს გაუკეთონ პასპორტი, დაბადების მოწმობა, ავიდეს აღრიცხვაზე. საკონსულო ვალდებულია, ამ მხრივ დახმარება გაუწიოს მათ, ისინი კი თავიდან იცილებენ ემიგრანტებს. დაკარგული პასპორტის ასაღებად კი ემიგრანტებს თვენახევარი სჭირდებათ, როცა შესაძლებელია, ეს კვირის, ან კვირანახევრის განმავლობაში გაკეთდეს“, – განაცხადა ზვიად კუშიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები