“საქართველოს მთავრობა მოსახლეობის 54%-მა აირჩია: შეურაცხმყოფელია, მათ უთხრათ, რომ პრორუსულ მთავრობას ირჩევენ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია” – ბოჭორიშვილი
“საქართველოს მთავრობა მოსახლეობის 54%-მა აირჩია და ჩვენ გვიხარია დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, შეურაცხმყოფელია, ამ ქართველებს უთხრათ, რომ ისინი პრორუსულ მთავრობას ირჩევენ, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
„2022 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და ეს ჩვენი ევროპული მისწრაფების ნათელი დემონსტრირება, რაც, ასევე, 2018 წლიდან ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, საქართველო წელიწად-ნახევარი ელოდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო. ეს რთულია, ამ გზაზე ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ცხადია, რთულია ევროპული არქიტექტურიდან, ევროპული უსაფრთხოებიდან საქართველოს გამოყოფა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს გარეშე ვერ მივაღწევთ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ევროპაში. საქართველოს გარეშე ძალიან რთული იქნება ევროკავშირის მომავალზე საუბარი, ისეთზე, როგორიც გვსურს, რომ ვიხილოთ – ძლიერი, ეკონომიკურად ძლიერი, მშვიდობიანი და სტაბილური.
თქვენ იკითხეთ, საქართველოს მთავრობა პრორუსულია თუ პროევროპული. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს მთავრობა ქართველი ამომრჩევლების 54%-ის მიერ არის არჩეული და ჩვენ გვიხარია დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და შეურაცხმყოფელია, ამ ქართველებს უთხრათ, რომ ისინი პრორუსულ მთავრობას ირჩევენ, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ ტერიტორიაზე გვაქვს ორი სამხედრო ბაზა, ოკუპაცია კვლავ გრძელდება, კვლავ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ერთი რამეა მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მიმართულებაზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც არის ხალხის არჩევანი და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ბრძოლასთან სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ეს ასევე დაკავშირებულია ჩვენს ბრძოლასთან სტაბილურობისთვის“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.