დავით ქართველიშვილი: მკაფიოდ გავლებულია ხაზები ევროპასა და ევროკავშირს შორის, ევრობიუროკრატიასა და ევროპულ პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის; არადა, ეს ხაზი გადის სწორედ იმ ფრონტის ხაზზე, რასაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლა
“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი აგენტები მოიყვანონ ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით, მაგრამ ეს ნებისმიერი გზა დღეს გადის ევროპარლამენტის რეზოლუციების, ევროკომისიების და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებების დონეზე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკისა და სტრატეგიულ მიდგომებზე საუბრისას განაცხადა.
„მგონი, მკაფიოდ გავლებულია ხაზები ევროპასა და ევროკავშირს შორის, ევრობიუროკრატიასა და ევროპულ პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის. არადა ეს ხაზი გადის სწორედ იმ ფრონტის ხაზზე, რასაც ჰქვია საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ამომრჩევლების უმრავლესობის პოლიტიკურ ნებასთან დაუფარავი ბრძოლა, რომელიც იგივე მეთოდებით ხორციელდება არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში, თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. სერბეთში რა ამბები ხდება ახლაც.
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი აგენტები მოიყვანონ ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით, მაგრამ ეს ნებისმიერი გზა დღეს გადის ევროპარლამენტის რეზოლუციების, ევროკომისიების და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებების დონეზე და საქართველოში გადის იმ ქუჩის არეულობის დონეზე, რომლის უკან დგას საბოტაჟი, ბოიკოტი, დაუმორჩილებლობა და ა.შ.“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.