U.S.News: გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს აქვს დემოკრატიისა და ეკონომიკის განმტკიცების შესაძლებლობა
ამერიკულმა გამოცემამ U.S.News-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: „საქართველოს მხარდაჭერა“, რომელშიც ევროკავშირის და აშშ-ს ყოფილი ელჩები საქართველოში: დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეთ იალოვიცი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაძლებლობებს აფასებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო მზად არის მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის დემოკრატიის განსამტკიცებლად, მაგრამ ამისთვის მას სჭირდება აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა.
“პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც აქამდე ეკავა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტები, საქართველოს აქვს დემოკრატიისა და ეკონომიკის განმტკიცებისა და წახალისების შესაძლებლობა, თუმცა წინ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის დასაძლევი: ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და, ამავე დროს, პრემიერ-მინისტრის პარტიის, „ქართული ოცნების“ კოალიციის მდგომარეობის გაუმჯობესება, და ეკონომიკისა და საგარეო ინვესტიციების წახალისება. პრობლემატურ რეგიონში მდებარე საქართველო მზარდი დემოკრატიის ქვეყანაა. შუა აღმოსავლეთისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, დასავლელმა ლიდერებმა არ უნდა დაივიწყონ საქართველოს შესახებ, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა რისკების შესამცირებლად და პროგრესის გასაგრძელებლად.
როგორც ტექნოკრატმა, რომელიც პატივისცემით სარგებლობს, კვირიკაშვილმა უნდა გააგრძელოს რეფორმები და გააძლიეროს მმართველობა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე, წინამორბედისგან განსხვავებით, მას აქვს ოპონენტებსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მუშაობის უნარი. ამ თანამდებობას კვირიკაშვილი უნდა უმადლოდეს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აფინანსებს „ქართული ოცნების“ მმართველ კოალიციას. დამოუკიდებელი პოზიციის განმტკიცებით კი კვირიკაშვილს შეუძლია თავისი ეფექტიანობის გაზრდაც.
საქართველოში არჩევნების ხარისხი გაუმჯობესებულია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს კი შეუძლია დემოკრატიული მმართველობის შემდგომი განმტკიცება. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ძალიან მაღალი შეფასება მისცა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა ასევე გამოაქვეყნა მოწოდება წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ. დღეს კვირიკაშვილმა უნდა დაიწყოს თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა უზრუნველყოს ოქტომბრის არჩევნების თავისუფლება და სამართლიანობა.
წინსვლა დაფიქსირდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაშიც, თუმცა პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი დღესაც შეშფოთების საგანია. ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად საქართველოს შეუძლია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიწვევა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეთა დამოუკიდებელი განხილვის განსახორციელებლად. ასევე დაცული უნდა იყოს ოპოზიციური ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობა.
როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი შეცვლის მიზანია მერყევი ამომრჩევლებისთვის იმედის მიცემა. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. უკმაყოფილება ნაწილობრივ აიხსნება ეკონომიკური პირობებით. ხუთი ყველაზე პრობლემური საკითხიდან ოთხია სამუშაო ადგილები, სიღარიბე, პენსიები და ინფლაცია (მეხუთეა ტერიტორიული მთლიანობა). მხოლოდ 18 პროცენტი ემხრობა „ქართული ოცნების“ მმართველობას, ხოლო 14 პროცენტი მხარს უჭერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მმართველ პარტიას სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. არჩევნების წინ პოზიციების გასაუმჯობესებლად პარტიებმა შეიძლება ახალი კავშირები და ალიანსები შექმნან.
ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია ეკონომიკურ პროგრესს, შექმნა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და ააშენა გზები, პორტები და ინფრასტრუქტურა. კორუფციის დონეც დაეცა: 2013 წელს, როდესაც სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, საქართველოს ეკავა 55-ე ადგილი საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში (პირველი ადგილი ეკუთვნის ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანას) მაშინ, როცა ათი წლის წინ ის 124-ე ადგილზე იყო. გონივრულმა სტრატეგიებმა (მაგალითად, „მოტივტივე“ ლარის კურსი, საბიუჯეტო დეფიციტის მართვა და მოსაკრებლის აკრეფის პროცესის გაუმჯობესება) გააუმჯობესა ეკონომიკური პერსპექტივები და გააძლიერა გარე შოკებისგან დაცვის უნარები. 2015 წელს საქართველომ მოიზიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არნახული ოდენობა (1,7 მილიარდი დოლარი), მიუხედავად რუსეთის მხრიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და ხარვეზებისა, კანონის უზენაესობის, კერძოდ კი კერძო საკუთრების დაცვის, სფეროში.
ოქტომბრის არჩევნებში წამყვანი თემები იქნება საცხოვრებელი სტანდარტები და სამუშაო ადგილების შექმნა. მართალია, ეკონომიკა იზრდება (დაახლოებით 2,5 პროცენტი წელიწადში), მაგრამ შემოსავალი სულ მოსახლეზე ისევ დაბალია. შარშან მან შეადგინა 3 670 დოლარი, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ მეხუთედია. სიღარიბის დონე შემაშფოთებელია: 41 პროცენტი სოფლად, მსოფლიო ბანკის თანახმად. გარდა ამისა, დაფიქსირდა ქალაქში უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.
კვირიკაშვილის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოაყალიბოს ამ ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლის მკაფიო და რეალისტური პროგრამა, რაც ცხადყოფს, რომ მთავრობამ იცის, როგორ უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა. მზარდი საზოგადოებრივი მოლოდინის დასაკმაყოფილებლად, საქართველოში უნდა განხორციელდეს ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ინვესტიციების მობილიზაცია. როგორც ჩანს, კვირიკაშვილი ამას აცნობიერებს. მან განაცხადა, რომ მისი მთავრობის ქვაკუთხედი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისა და კერძო სექტორის წახალისება და „ბიზნესების წინაშე მდგარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების მაქსიმალური შემსუბუქება“.
საქართველო არის რუსეთის ამბიციების სამიზნე. საქართველოში მოსკოვი მხარს უჭერს ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თამაშობენ „პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმზე“ და ეწინააღმდეგებიან დასავლეთთან მზარდ კავშირებს. ეს ძალები მოკრძალებული პოპულარობით სარგებლობენ და საფრთხეს არ უქმნიან საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას.
ევროპასა და ამერიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის. ბრიუსელმა დაამტკიცა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეთათვის, მორალური წახალისება, რომელიც მოიტანს ეკონომიკურ შედეგებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება (თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით) კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ევროპულ კურსს. ევროკავშირის სტანდარტებთან კანონებისა და რეგულაციების დაახლოებას თითქმის ათწლეული დასჭირდება. ევროპულ ბაზრებზე გასვლის სარგებელი საქართველოსთვის საგრძნობი იქნება, მიუხედავად ზოგიერთი სექტორის მოკლევადიანი ხარჯებისა. ევროკავშირი მზად უნდა იყოს დახმარებისთვის.
ქართველი მებრძოლები მსახურებენ ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ოპერაციებში. საქართველო აუმჯობესებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს, რისთვისაც, მაგალითად, საფრანგეთისგან შეიძინა საჰაერო დაცვის სისტემა. მეორე მხრივ, მაშინ, როცა ქვეყნის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველო ყოველდღიურად დგას რისკების წინაშე, აუცილებელია დასავლეთის დახმარების გაძლიერება, სამხედრო წვრთნის, ტექნოლოგიებისა და თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების ჩათვლით.
საქართველო არის ყოფილ საბჭოთა სივრცეში წარმატების მაგალითი. ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა ეწვიოს დასავლეთის საკვანძო დედაქალაქებს და მას ღირსეულად უნდა გაუმასპინძლდნენ. წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ან სახელმწიფო მდივანი უნდა ეწვიოს თბილისს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებისა და დასავლური კურსის მხარდაჭერა. საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მის ზურგს უკან დასავლეთია“,-აღნიშნულია სტატიაში.