7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება, ზოგიერთ ტაძრებში კი ხვალ დილიდან.
როგორც “კვირას“ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყებს, საღმრთო სადღესასწაულო ლიტურგიას კი 00:00 საათზე.
წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ. წირვის შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და შობის დღესასწაულს მიულოცავს.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.
მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.