აზერბაიჯანში 57 ადამიანი ციხიდან გაათავისუფლეს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 57 ადამიანი გაათავისუფლა, რომლებიც, სოფელ ნარდარიანში მომხდარი შეტაკებების შემდეგ, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში დააკავეს.
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „აპა“-ს ცნობით, პატიმრობაში კიდევ 15 პირი რჩება. დაკავებულთა უმეტესობას, სამართალდამცველებისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, 15-დან 30 დღე-ღამემდე პატირმობა ჰქონდათ მისჯილი. ეს პირები მას შემდეგ დააკავეს, რაც ნოემბრის ბოლოს ორგანიზაცია „მუსულმანური ერთიანობის“ ლიდერის და კიდევ 13 პირის დაპატიმრებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „მუსულმანური ერთიანობა“ ტერაქტებს და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა, რომლის მიზანი იყო აზერბაიჯანის გადაქცევა შარიათულ სახელმწიფოდ.