ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი 1500-მდე შემცირდა

22:00 საათის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი 1500-მდე შემცირდა. დღეს დილით ეს ციფრი 8 ათას აბონენტს აღწევდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე ჩხოროწყუს, ზუგდიდის და წალენჯიხის მაღალმთიანი სოფლების რამდენიმე უბანია დარჩენილი, სადაც დაზიანებული კერების აღდგენა დილიდან განახლდება.
სარემონტო სამუშაოებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ როგორც ადგილობრივი, ისე დამატებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. კომპანიის წარმოამდგენლების განცხადებით, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება ყველა გამორთულ აბონენტს აღუდგება.
რეგიონში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არა არის, პრობლემა რაც გუშინ 5 საცხოვრებელ კორპუსს ზუგდიდში ჰქონდა აღმოფხვრილია.
ამასთან, დიდთოვლობის გამო დაზიანებული 20 ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი დახმარება გაუწია. დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიყენებულ ზარალს კომისია სწავლობს, მოხდება ზიანის ანაზღაურება.
ამ დროისთვის რეგიონის ყველა ცენტრალური გზა და სოფლამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია, ხვალიდან კი გაწმენდითი სამუშაოები სოფლის შიდა გზებზე განახლდება.
კვლავ ნაწილობრივაა შეზღუდული მოძრაობა ჯვარი-მესტიის გზაზე, სადაც ინტენსიურად მუშაობს პეცტექნიკა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან, ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიას” და “სოკარ გაზის” შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი. სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი.
რეგიონში 5 იანვრის დილიდან აღარ თოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები