ციურიხის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ანუ “ბუფერი,- ოცნებიდან ოცნებამდე“

    მიაჩნია, რომ ,,ჩვეულებრივი ქართველისაკმაოდ პუნქტუალური და ევროპული კულტურის ნაწილია და თავადაც ასეთია. სკოლა თბილისში დაამთავრა და დღეს, როგორც ამბობს, თავით ფეხებამდე ციურიხის უნივერსიტეტელია.
სულხან მეტრეველი,- შვეიცარელი სტუდენტების საყვარელი ლექტორი ,,პერსონაში“.

მოდი, ცოტა შორიდან დავიწყოთ, როცა დღევანდელი გადასახედიდან თქვენს თბილისურ ბავშვობას ,,უყურებთ“, რა გახსენდებათ?
– გულისტკივილით უნდა გითხრათ, რომ პირველი, რაც ოთხმოცდაათიან წლებზე მახსენდება, როგორც კი ამ პერიოდს მახსენებენ, ეს ჩემი გაყინული სხეულია. მაშინ ამას ასე მტკივნეულად არ აღვიქვამდი, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დროის სიდუხჭირემ ჩემზე ძალიან დიდი კვალი დატოვა. მახსოვს გაყინული სახლი, გაყინული სკოლა, გაყინული ქუჩები. მახსოვს ქუჩაში მოარული შეიარაღებული ხალხი, რომელთა რაიმე ლეგალური ორგანიზაციისადმი კუთვნილება ჩემთვის მაშინაც უცნობი იყო და, ალბათ, მთელი სიცოცხლე უცნობი დარჩება. მახსენდება მამიდაჩემთან სტუმრად მიმავალ დედაჩემს, მამაჩემს და მე უცნობმა ადამიანმა ავტომატის ჯერი როგორ გადაგვატარა თავზე. ჯობია, ამაზე აღარ გავაგრძელოთ ლაპარაკი. ამის გახსენებაც არ მინდა…
 – ბატონო სულხან, თქვენ თბილისის ერთერთი, ტრადიციების მქონე 51- სკოლა დაამთავრეთ, დარწმუნებული ვარ, გამორჩეული პედაგოგები გყავდათ...10149874_720004168030748_1261624177_n
– 51-ე დავამთავრე და რაც შეეხება სკოლის პერიოდს, აქ ძალიან ბევრი პოზიტიურიც მახსენდება. იყო უამრავი ადამიანი, რომელსაც უანგაროდ ვუყვარდი და უანგაროდ მიყვარდა. რაოდენ უკეთესიც უნდა იყოს ჩემი ცხოვრება დღეს, ბევრი მათგანი ჩემთან აღარ არის და ეს წარმოუდგენელი დანაკარგია. მახსენდება ჩემი საყვარელი მასწავლებლები… კლარა ჩხაიძე ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო, რომელმაც პირველად მაზიარა კრიტიკულ აზროვნებას და მასწავლა,  უფრო თამამი ვყოფილიყავი საკუთარი აზრის გამოთქმისას. ისტორიის მასწავლებელი ლამარა ნადირაძე, რომელმაც გამაგებინა, რა არის საქართველო, მათემატიკის მასწავლებელი ვიოლა რამიშვილი, რომელიც წარმოუდგენლად ერუდირებული ქალბატონი იყო და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი ახლობელი და ძვირფასი ადამიანი…
თქვენზე ამბობენ, რომ უნივერსიტეტში ხუთიანის, ანუ მაშინდელი უმაღლესი შეფასების გარდა სხვა ნიშანი არ მიუღიაორომელმა ლექტორმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა?
– უნივერსიტეტის დიპლომში, მართლაც, მარტო უმაღლესი ნიშნები მაქვს. ახლა მიკვირს, რომ ვფიქრობ, როგორ მოვახერხე. იმედია, ჩემს ლექტორებს არ დასწყდებათ გული, თუ ვიტყვი, რომ ჩემს შემეცნებასა და მსოფლმხედველობაზე მათ დიდი ზეგავლენა არ მოუხდენიათ. ალბათ, არც იყო ეს მათი ამოცანა. ისინი ხომ საგნების მასწავლიდნენ. ლექტორმა ხელობა უნდა გასწავლოს. თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისი. ჩემთვის დაუვიწყარია, ბატონ თამაზ ჯოლოგუას და ბატონ ვახტანგ იმნაიშვილის ლექციები.
ადამიანი, რომელმაც ჩემს შემეცნებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, მამაჩემი, თეიმურაზ მეტრეველი იყო. იგი საქართველოს უდიდესი პატრიოტი, ბევრ საკითხში დიდი კონსერვატორი და ამავე დროს წარმოუდგენელი ლიბერალი. იყო. მგონი, მეც ასეთი ვარ. მამა ძალიან მაღალი, ტრადიციული ჟურნალისტური სტანდარტების მიმდევარი იყო და თან ღია ყველანაირი ინოვაციისთვის. ის არასდროს მიყურებდა, როგორც მასზე უმცროსს. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ამ საუბრისას ჩემი აზრი ისევე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მისი. მახსოვს, ჩემი რჩევით, როგორ შემოიღო მან სქართველოს ისტორიაში პირველი საგაზეთო კომიქსები. წარმოგიდგენიათ, მე, ბავშვმა, ვურჩიე და მან ეს რჩევა გაითვალისწინა. მგონი, ბევრი მისი თვისება გამომყვა. მოკლედ, ლექტორი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, თეიმურაზ მეტრეველი იყო.
თქვენი შვეიცარიასთან პირველი შეხების მომენტი გაიხსენეთ, ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ?
– გამაოცა შვეიცარიულმა დიალექტმა. შვეიცარიაში რომ ჩავედი, მეგონა, ყველა გერმანულად ლაპარაკობდა. ლიტერატურულ გერმანულს ვგულისხმობ. აეროპორტში ჩასვლისთანავე ავიღე ყურმილი და დავურეკე ჩემს  ერთადერთ შვეიცარიელ მეგობარს. იგი შინ არ იყო და ავტომოპასუხე ჩაირთო. ერთი სიტყვაც ვერ გავიგე…. ცოტა ხანი ვფიქრობდი, სხვა ქვეყანაში ხომ არ მოვხვდი – მეთქი. დღეს ჩემი შვილი შვეიცარიულ დიალექტზე ელაპარაკება თავის პატარა მეგობრებს, ხანდახან ქართული სიტყვების გარევით. აი, ეს არის ცხოვრება…
როგორ აღმოჩნდით ციურიხის პრესტიჟულ უნივერსიტეტში?10009564_720004098030755_1889926533_n
– თავიდან ჩემი ქართული დიპლომი არ ჩამითვალეს და სწავლა პირველი სემესტრიდან დავიწყე. სადოქტორო თემაც იქ დავიცავი. ასე რომ, თავით ფეხებამდე ციურიხის უნივერსიტეტელი ვარ. მაგისტრატურაში სწავლის დროს, ციურიხის უნივერსიტეტში ინტერნეტით დაინიშნა გამოცდა.. მაშინ ეს არ იყო გამოცდების ჩაბარების გავრცელებული ფორმა. 2001 წელს, როცა სწავლა  ციურიხის უნივერსიტეტში დავიწყე, ინტერნეტით მხოლოდ ცხრილის ნახვა შეიძლებოდა. 2006 წლამდე ყველაფერი დიდი სისწრაფით შეიცვალა. მაშინ, როცა მაგისტრატურის დონეს მივაღწიე, გამოცდების დანიშვნა ინტერნეტით უჩვეულო იყო, მაგრამ მაინც შესაძლებელი. ახლა კი, სერიოზულად ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს საგანში მხოლოდ ონლაინგამოცდა  ჩავატარო.
დღეს ამ უნივერსიტეტის დოქტორი ხართ და თქვენი საგანი სავალდებულო საგნად 150 სტუდენტმა აირჩია. რა არის სტუდენტებში თქვენი ასეთი პოპულარობის მიზეზი?
– რთული კითხვაა. იმ საგნის სახელი, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, “სოციალური მედია და დიდ მონაცემთა ანალიზია”. პირველად რომ ლექციაზე შევედი, მაქსიმუმ 30 სტუდენტს ველოდი, რადგანაც ისეთი სიტყვები, როგორიც “დიდ მონაცემთა ანალიზია,” სტუდენტებში შიშს იწვევს. მსგავს საგნებს ისინი გვერდს უვლიან. მე მაქვს სწავლების ჩემებური სტილი, სტუდენტებთან რაც შეიძლება უშუალო ვარ, ვატარებ ინტერაქტიულ ლექციებს და ვცდილობ, საკმაოდ რთული თემები ძალიან მარტივად ავხსნა. რა საგანსაც უნდა ვასწავლიდე, ჩემი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ სტუდენტებმა დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება ისწავლონ. ჩვეულებრივი, კლასიკური ლექცია ძალიან მონოტონურია. ლექტორი ლაპარაკობს და 100 კაცი უსმენს. ჩემთვის ასეთი რამ წარმოუდგენელია. სტუდენტებმა უნდა ისწავლონ საკუთარი აზრის გამოთქმა, კითხვების დასმა. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. არის ეს ლექტორის წარმატების რეცეპტი? გარკვეულწილად არის…
სტუდენტებს თურმე შენობით მიმართავთ...
– დიახ, ასეა.. ციურიხის უნივერსიტეტში იმ სასწაულად მცირე ლექტორთა რიცხვს ვეკუთვნი, ვინც სტუდენტებს სახელებით მიმართავს და შენობით ელაპარაკება. ეს ფაქტი ყოველი სემესტრის დასაწყისისას სტუდენტებში ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს, მაგრამ რამდენიმე კვირაში ისინი ამას ეჩვევიან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ თანაბრები ვართ.
ბატონო სულხან, ფაქტობრივად ცხოვრების წესი შეგეცვალათ. რა ცვლილებას ამჩნევთ საკუთარ პიროვნებას, რომელ ქართულ თვისებას შეელიეთ?
– თუ გნებავთ, ეს ჩემს ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ და ისინი გეტყვიან, რომ მე არასდროს ვყოფილვარ “ჩვეულებრივი ქართველი”, რადგან ყოველთვის მიყვარდა პუნქტუალურობა, “ევროპული ცხოვრების წესი” და დასავლური კულტურა. ასე რომ, შვეიცარიაში ქართულს ბევრს არაფერს შევლევივარ. თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის “ჩვეულებრივი ქართველი” საკმაოდ პუნქტუალური და ევროპული კულტურის ნაწილია. გადახედეთ ჩვენს ისტორიას. ჩვენს მამა- პაპათა მარადიული ბრძოლა, მარადიული ოცნება არის ის, რომ საქართველო გახდეს ევროპული კულტურული და პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ამ ოცნებას  უამრავი დიდი ქართველი შეეწირა. ჰოდა, გეკითხებით, რანაირად შეიძლება “ჩვეულებრივი ქართველი” ძალიან განსხვავდებოდეს “ჩვეულებრივი ევროპელისგან”? რა თქმა უნდა, არის ჩვენს შორის თვისობრივი განსხვავებები. აი, მაგალითად, მე და “ჩვეულებრივი შვეიცარიელი” რომ ჩამოვდივართ ავტობუსიდან, ის ჩემზე ხუთი წუთით ადრე მივა შინ. იმიტომ რომ, ის შინისკენ მიისწრაფვის, მე შინისკენ მივსეირნობ. მერე რა მოხდა? მე ქართველი ვარ, ის შვეიცარიელი, ორივენი კი კულტურული თვალსაზრისით ევროპელები…. ეს ვარიაციაა ერთ სახეობაში…
მაინტერესებს, საქართველოში რა შემთხვევაში დაბრუნდებით?967723_720004124697419_902632468_n
– კარგა ხანს მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ჩემს საქმიანობას და შესაძლებლობებს შვეიცარიის სახელმწიფო უფრო აფასებდა და იყენებდა, ვიდრე საქართველო. ჰოდა, ვეკითხებოდი თავს, რატომ უნდა დავბრუნებოდი ქვეყანას, სადაც ჩემს ცოდნას არ აფასებდნენ? ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდა  და ამპარტავანი ვიყავი. წლები გავიდა და ვხვდები, მსგავსი მოსაზრება არასწორია. კენედის პერიფრაზით რომ ვთქვა, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს საქართველოსთვის და არა იმაზე, დააფასებს თუ არა იგი ჩვენს საქმეს. დრო მოვა და დააფასებს. დღეს არდაბრუნების მიზეზი სხვაა: რამდენადაც სამწუხარო უნდა იყოს, აქედან გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის, ვიდრე მანდ. როგორც კი დავინახავ, რომ ეს სიტუაცია ობიექტურად შეიცვლება, არდაბრუნების მიზეზიც აღარ იარსებებს.
 – რა არის ის, რაც ქართული ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი და კომფორტულ შვეიცარიას არასოდეს ექნება?
– იცით, არ ვარ მსგავსი შედარებების მომხრე. რა თქმა უნდა, შვეიცარიელი ვერასდროს გააკეთებს ისეთ ხინკალს, ქართველი რომ აკეთებს და ქართველი შვეიცარიელივით ვერასდროს მოამზადებს ფონდიუსს. ვიყოთ ჩვენ ქართველები და იყვნენ შვეიცარიელები შვეიცარიელები. ეს მრავალფეროვნებაა და მრავალფეროვნება კი ლამაზია…
რაზე ოცნებობს ციურიხის უნივერსიტეტის ქართველი ლექტორი?
– პირადზე მეკითხებით თუ საზოგადოზე? საზოგადოზე თუ მეკითხებით, პასუხი მარტივია: ვოცნებობ იმაზე, სქართველო გახდეს ისეთი ქვეყანა, ილიას რომ უნდოდა. კერძოზე თუ მეკითხებით, ასეთი ამბავია: ჯერ კიდევ თხუთმეტი წლისას მინდოდა აკადემიური წარმატებისთვის მიმეღწია და რომელიმე ძალიან კარგი უნივერსიტეტის დოქტორი გავმხდარიყავი. ეს ოცნება დაახლოებით ერთი წლის წინ ამიხდა. ეს იმდენად დიდი ამბავი იყო, რომ იმის იქით გეგმები აღარ დამიწყია. ჰოდა, ახლა ვარ რაღაც ბუფერში. ამ ბუფერს “ოცნებიდან ოცნებამდე ბუფერიც” შეგვიძლია, დავარქვათ. მოდი, ეს ექვს თვეში ისევ მკითხეთ …

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები