პრემიერი: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საფუძველზე და თუ დამატებით სხვა მექანიზმების შემოღებაც იქნება საჭირო, ამ მექანიზმებსაც მივმართავთ, ვერავის მივცემთ საქართველოში აგენტურის დაფინანსების შესაძლებლობას

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საფუძველზე, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფო და ჩვენი სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტურის დაფინანსების სქემა გადადის ევროპულ სივრცეში და საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის საგარეო ინტერვენციები, ისევე როგორც სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.

„აგენტურის დაფინანსების მისია, თავის თავზე, ჰქონდა აღებული ამერიკულ ფონდებს, ესენი იყვნენ – USAID-ი და NED-ი, თუმცა ევროპული ფონდებიც გამოირჩეოდნენ ამ მისიით, იგივე EED-ი, ეს არის ევროკავშირის შესაბამისი ფონდი და ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში და ევროპულ სივრცეში. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ საფუძველზე, რამაც თავისი ეფექტი უკვე იქონია და ჩვენი მიზანია, ამ კუთხით, მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფო და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ვერავის მივცემთ საქართველოში აგენტურის დაფინანსების შესაძლებლობას. NGO – ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური ფენომენი, რომლის მიზანია, უცხოური ძალების ინტერვენცია სხვა ქვეყანაში, საუბარია წმინდა წყლის პოლიტიკურ ინტერვენციაზე. NGO არის ხელოვნური მოვლენა, რომელიც ამ ერთადერთი მიზნით იქმნება სხვა ქვეყანაში და ერთადერთი მიზნით ფინანსდება სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ტიპის საგარეო ინტერვენციები, ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. ეს რისკები უკვე დაზღვეული გვაქვს „გამჭვირვალობის კანონით“, თუ დამატებით სხვა მექანიზმების შემოღებაც იქნება საჭირო, ამ მექანიზმებსაც მივმართავთ. ერთ-ერთმა ევროკომისარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეძებენ კანონის გვერდის ავლის მექანიზმებს. როგორ შეიძლება ევროპელმა ბიუროკრატმა ასეთი განცხადება გააკეთოს, არ ვიცი, საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველანაირ სამართლებრივ პრინციპს, სუვერენიტეტის პრინციპს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი კანონმდებლობის გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვერავის მივცემთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები