პრემიერი: ჩვენ ვართ თავდაჯერებული საკუთარ სისუფთავესა და გუნდის ერთიანობაში, სწორედ ამიტომ გავხსენით ყველა პრაქტიკა – პრივატიზაცია, შესყიდვები, სამთავრობო აქტები, ზუსტად ასეთი ერთიანობისა და თავდაჯერებულობის გამო ვართ ღია ყველა მიმართულებით და ესაა მთავარი, რაც უზრუნველყოფს კორუფციის დაზღვევას
ჩვენ ვართ თავდაჯერებული საკუთარ სისუფთავესა და გუნდის ერთიანობაში, სწორედ ამიტომ გავხსენით ყველა პრაქტიკა – პრივატიზაცია, შესყიდვები, სამთავრობო აქტები, ზუსტად ასეთი ერთიანობისა და თავდაჯერებულობის გამო ვართ ღია ყველა მიმართულებით და ესაა მთავარი, რაც უზრუნველყოფს კორუფციის დაზღვევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, წარსული დანაშაულების გამოძიებაც მნიშვნელოვანია პრევენციული თვალსაზრისით, თუმცა, სწორედ, სხვადასხვა მიმართულებით ახალი პრაქტიკების დამკვიდრება არის სამომავლოდ კორუფციის მთლიანად აღმოფხვრის საშუალება.
„როდესაც გუნდი სუსტია, ან როდესაც სუფთა არ არის, ან ორივე შემთხვევაში, მას ეშინია საკუთარი გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნება. ასეთი პრაქტიკა სხვადასხვა ეპოქაში გვახსოვს ჩვენ საქართველოში. ჩვენ, მაგალითად, ვაქვეყნებთ აბსოლუტურად ყველა სამთავრობო აქტს. ასევე, როდესაც გუნდი სუსტია, ან რაიმეს გაფუჭება უნდა, სუფთად მუშაობა არ უნდა, ინარჩუნებს პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკას, როცა შეგიძლია, ნებისმიერ სუბიექტს მიყიდო გარკვეული ქონება და თავადვე დაადგინო ფასი, ან საერთოდ სიმბოლურ ფასად გადასცე. როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, რომ ყველა შესაბამისი ობიექტი გამოდის აუქციონზე, არ მგონია, ეს მთავრობის სისუსტეზე მეტყველებდეს. ეს, სწორედ, ის ნაბიჯებია, რაც ჩვენი მხრიდან იდგმება. რაც შეეხება წარსული დანაშაულების გამოძიებას, ეს არის ერთი პატარა ნაწილი მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის. მოიტანონ ერთი ფაქტი, სადაც გვეტყვიან, რომ პრივატიზაციის შედეგად, სახელმწიფომ მიიღო იმაზე ნაკლები სარგებელი, ვიდრე შეიძლებოდა მიეღო და ეს ყველაფერი შემდეგ სტატისტიკაზეც აისახება. ჩვენ რომ პრივატიზაციის გეგმა დიდი გადაჭარბებით შევასრულეთ შარშან, ამის მიზეზი არის, სწორედ, ეს, რომ ყველაფერი გადიოდა აუქციონზე, შესაბამისად, სახელმწიფო იღებდა მაქსიმალურ სარგებელს ქონების გასხვისებიდან, პრივატიზაციიდან. ჩვენ შესყიდვების პროცედურაც გავხსენით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის ნაწილში, შესაბამისი ელექტრონული პლატფორმაც შემოვიღეთ, რაც მთლიანად კლავს, პრაქტიკულად, სივრცეს ნებისმიერი მანიპულაციისთვის. აბსოლუტურად აღმოფხვრილია ნებისმიერი სივრცე მანიპულაციისთვის, საჯაროა მთელი პროცედურა. თუ მთავრობას ეშინია და სუფთად არ მუშაობს, ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს არ დგამს. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ თავდაჯერებული საკუთარ სისუფთავესა და გუნდის ერთიანობაში და ერთმანეთს ვენდობით გუნდის წევრები, გავხსენით ყველა ეს პრაქტიკა – პრივატიზაცია, შესყიდვები, სამთავრობო აქტები, სწორედ, ასეთი ერთიანობისა და თავდაჯერებულობის გამო ვართ ღია ყველა მიმართულებით. ესაა მთავარი, რაც უზრუნველყოფს კორუფციის დაზღვევას და არა წარსული დანაშაულების გამოძიება. რა თქმა უნდა, ამ დანაშაულების გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი პრევენციული თვალსაზრისით. გარკვეული შიში უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, რომ თუ ხელი წაგიცდება, ასე ვთქვათ, არასწორ თანხებზე, ამ შემთხვევაში დადგება პასუხისმგებლობა. აქაც არის უკვე კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ თუ ადრე იყო, დავუშვათ, გარკვეული თანხების შეთავაზება, პრაქტიკულად შემთხვევები თითქმის არ იყო, რომ საჯარო მოსამსახურეს ამის შესახებ ინფორმაცია მიჰქონდა საგამოძიებო სამსახურში, ასეთი ინფორმაციებიც უკვე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს პრევენციული ზომები მივიღეთ. მთავარია, წინ გავიხედოთ და ზუსტად ამ ახალი პრაქტიკის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით გვაძლევს სამომავლოდ კორუფციის მთლიანად აღმოფხვრის საშუალებას, ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ერთი ფაქტი მოიტანონ – გვექნება მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა პრემიერმა.