ირაკლი კობახიძე: გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს, ყველა მიმართულებით გვინდა, დავდოთ სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას

გვინდა, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს.

„ამბიციური გეგმები გვაქვს. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ ძალიან დადებითი წელი გვექნება. ჩვენ გვინდა, რომ პროგნოზს ბევრად ავცდეთ. მინიმუმ, 6-7% ეკონომიკური ზრდის მიღწევა არის შესაძლებელი და მაქსიმუმი გაკეთდება ამისათვის.

განათლების რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ წელს უნდა განხორციელდეს და რა თქმა უნდა, დიდი დრო და ენერგია დაეთმობა ამ ყველაფერს.

ზოგადად, გვინდა, რომ მთლიანად ეს მმართველობის საკითხები ბოლომდე მოვაწესრიგოთ და მათ შორის, გვინდა, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა. ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, განათლებაზე უკვე გვქონდა, შესაბამისი კონცეფცია იმიტომ წარვადგინეთ, რომ პრაქტიკულად ერთ ადგილს ვტკეპნიდით განათლების მიმართულებით, თვითდინებით, მცირედით ვითარდებოდა სისტემა, მაგრამ არავითარი არსებითი შედეგი არ მიიღწეოდა. სწორედ ამიტომ წარვადგინეთ ჩვენ განათლების რეფორმის ამბიციური გეგმა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ანალოგიურად, მაგალითად ჯანდაცვაშიც არის საჭირო იგივე.

„რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ვითარდება სისტემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში, რომ, მათ შორის, მთელი რიგი მიმართულებებით არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო  ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის სამკურნალოდ  საზღვარგარეთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სისტემურად მივუდგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში უზრუნველვყოთ, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, სამედიცინო მომსახურების ის ხარისხი, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი, მაგალითად თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში. ეს არის შესაძლებელი. ამას სჭირდება არა დინებაზე მიყოლა, არამედ შესაბამისი სტრატეგიული გეგმა. ყველა მიმართულებით გვინდა, რომ დავდოთ ასეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების მიღწევის საშუალებას, არამედ მოგვცემს გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას. ეს გეგმა მომზადდება ძალიან ახლო მომავალში და ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული.

თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი, პრაქტიკულად, კომპეტენტური პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ დისკუსიების თემას და აქაც მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა. როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები