თომა ჩაგელიშვილი: გადაცემა „ღამე მუზეუმში“ გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ტყუილებით გაჯერებული შეურაცხმყოფელი სტატუსი – სამუზეუმო სივრცეში გადაღება აპრობირებული პრაქტიკაა და გადაღების ნებართვა ეროვნულმა მუზეუმმა გასცა
ისტორიკოსი და ჟურნალისტი, თომა ჩაგელიშვილი „ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გადაცემაზე „ღამე მუზეუმში“ გავრცელებულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ჩაგელიშვილი განმარტავს, სამუზეუმო სივრცეში გადაღება აპრობირებული პრაქტიკაა და გადაღების ნებართვა ეროვნულმა მუზეუმმა გასცა.
„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „ღამე მუზეუმში“ გასვლის შემდეგ, (რომლის წამყვანი მე ვარ) სოციალურ ქსელში გამოჩნდა ტყუილებით გაჯერებული შეურაცხმყოფელი სტატუსი და რამდენიმე კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ ვაქციეთ „ბარბაროსებმა“ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი გადასაღებ მოედნად. ვინაიდან ამ პოსტმა გარკვეული აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია მინდა გითხრათ, რომ:
- სამუზეუმო სივრცეში გადაღება აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოს ნებისმიერ დიდ თუ პატარა მუზეუმში და ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არც საქართველოს მუზეუმები წარმოადგენს;
- გადაღების ნებართვა გასცა ეროვნულმა მუზეუმმა და მათი კომპეტენცია და სანდოობა კითხვის ნიშნებს არ იწვევს.
- გადაღების პროცესი მიმდინარეობდა სამუზეუმო სივრცეში დაშვებული წესების სრული დაცვით, შესაბამისი სპეციალური განათებისა და აუდიო-აპარატურით.
ეს ეხება მუსიკალური ნომრების ჩაწერასაც, რომლებიც გადასაღებ მოედანზე, ბუნებრივია, არ შესრულებულა და მხოლოდ ვიდეო-კადრები იქნა გადაღებული.
ჩვენი გადაცემა, „ღამე მუზეუმში“, ქართული კულტურისა და საქართველოს მუზეუმების პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება და არა მუზეუმების „გადასაღებ მოედნად ქცევას“.
პირველსავე კომენტარში ვდებ გადაცემის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდს და აუცილებლად დაალაიქეთ, რომ არ გამოგვრჩეს სიახლეები გადაცემის შესახებ და ერთად გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს მუზეუმებს“, – წერს თომა ჩაგელიშვილი Facebook-ზე.