პრემიერი: ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანა – უზრუნველვყოთ მოსახლეობის უფრო მეტი კმაყოფილება, რაც მიიღწევა ფასების შემცირებით

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს, ხელისუფლებას კი სრულიად სხვა ამოცანა აქვს.

„შედარება რომ მოვიყვანოთ, გახსოვთ, კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, მათ მიაჩნდათ, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის მათთვის იყო მომგებიანი და ყველაფერს აკეთებდნენ ღიად, დაუფარავად, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ამ შემთხვევაშიც იგივეა, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება უფრო მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ ისინი შანსს. ძალიან მარტივი გათვლები აქვთ და ეს ყველაფერი უბიძგებს მათ საბოტაჟის მცდელობისკენ. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანა და ეს არის ის, რომ უზრუნველვყოთ მოსახლეობის უფრო მეტი კმაყოფილება და რა თქმა უნდა, ეს მიიღწევა ფასების შემცირებით. რა თქმა უნდა, კონფლიქტი არსებობს, ვერავინ გაამტყუნებს ბიზნესს იმაში, რომ მას მეტი მოგების მიღება უნდა, მეტი მოგება კი მიიღწევა მაღალი ფასებით. ბუნებრივია, ბიზნესი არის აქეთკენ მიმართული, მაგრამ ვფიქრობ, ინტერესების დაბალანსებაა შესაძლებელი ისე, რომ ბიზნესმა მიიღოს რაციონალური მოგება და ეს მოხდეს ფასების შემცირების პარალელურად. იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი მიიღწევა ამ პროცესის საფუძველზე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები