ამინდის გაუარესების გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთში საგანგებო შტაბები შეიქმნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში დღის ბოლომდე, დენის მიწოდება პრაქტიკულად, ყველა აბონენტს აღუდგება. მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში, ამინდის გაუარესების გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთში შტაბები შეიქმნა.
„ამ დროისთვის, ჩხოროწყუში 100 აბონენტია გათიშული. აბაშაში, გუშინ, პრობლემა არ შექმნილა. მცირე გათიშვები იყო, მაგრამ დენის მიწოდება სწრაფად აღდგა. ამჟამად, 100-მდე აბონენტია დენის გარეშე დარჩენილი. ზუგდიდში 800-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მარტვილში დაზიანების კერებს ეძებენ, სადაც 700-მდე აბონენტს შეუწყდა დენის მიწოდება. წალენჯიხაში-500 მდე აბონენტს დენის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება. ახლა ამინდი კვლავ ფუჭდება, მაგრამ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები „ენერგო პროსთან“ ერთად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილების პრობლემა პრაქტიკულად არ არის, გაწმენდილია გზები. დაფიქსირდა ხეების მოჭრის ფაქტი, სადაც განლაგებული იყო ელექტროენერგიის გადამცემი ანძები. სამართალდამცავები დაადგენენ, ეს ხეები შეგნებულად მოიჭრა, თუ მათი დაზიანება სტიქიის შედეგად მოხდა“, – განაცხადა ლევან შონიამ.