მარიამ ქვრივიშვილი: “სტორი ჰესის” მსგავსი სიმძლავრის ჰესების განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარებისთვის, ქვეყნის ელექტროგენერაციის ზრდისა და სტაბილური ელექტროენერგიით მომარაგებისათვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კახეთში ჰიდროელექტროსადგურის „სტორი ჰესისა” და ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი – ახალი თელავის” სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. მინისტრის შეფასებით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც „სტორი ჰესია” – კასკადური ტიპის „სტორი ჰესის” მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, მისი დადგმული სიმძლავრე 47,6 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 208 მლნ. კვტ. სთ. იქნება.
ჰესის ინტეგრირება საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელში 110კვ ელექტროგადამცემი ხაზით ,,სტორი ჰესი – ახალი თელავით” მოხდება, რომელიც ჰესის პარალელურად შევა ექსპლუატაციაში.
„ისეთი პროექტები, როგორიცაა „სტორი ჰესი” და ელექტროგადამცემი ხაზი „სტორი ჰესი – ახალი თელავი” რამდენიმე მიზანს ემსახურება – პირველ რიგში, ასეთი სიმძლავრის ჰესი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარებისთვის, გაიზრდება ქვეყნის ელექტროგენერაცია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის და სხვა მომხმარებლების სტაბილური ელექტროენერგიით მომარაგებას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეგიონში იქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა,” – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი გაეცნენ.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პროცესზე, რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახორციელებს. მინისტრის შეფასებით, კახეთის რეგიონში „სტორი ჰესი – ახალი თელავის” პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობას და გააუმჯობესებს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ გამტარუნარიანობას.
აღსანიშნავია, რომ კახეთში სტუმრობისას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და კომპანია Mitas Energy and Metal Construction Inc-ის წარმომადგენელმა ბარიშ ელბასიოღლუმ ხელი მოაწერეს განახლებულ ხელშეკრულებას 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი – ახალი თელავის” მშენებლობის შესახებ. აღნიშნული პროექტის თავდაპირველი ღირებულება 12 500 000 ევროს შეადგენდა, ახალი დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. პროექტი განხორციელდება „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის” (ENIP) ფარგლებში, KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. რაც შეეხება „სტორი ჰესს”, მისი საინვესტიციო ღირებულება 90 მლნ. აშშ დოლარია.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებელ კომპანიასთან მიღწეული ეს შეთანხმება უკვე მიმდინარე პროექტების ბიუჯეტის ოპტიმიზაციის კარგი მაგალითია, როდესაც ერთი და იგივე სამუშაო უფრო იაფად და, ამავე დროს, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შესრულდება,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.